როცა მეგან კენედი და თომას კაჰუნი დაინიშნენ, დიდი ქორწილისათვის მზადება მაშინვე დაიწყეს. ახლობლებთან მოსაწვევები გაგზავნეს და სტუმრების ღონისძიებაზე მისაყვანად წითელი ავტობუსები დაიქირავეს, მეგანმა კი ხელისმომკიდედ ათი მეგობარი შეარჩია.

თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ზეიმის გადადება მოუხდათ, საბოლოოდ კი, მხოლოდ 15 სტუმართან ერთად აღნიშნეს დაქორწინება.

შეზღუდვების გამო, ცხადია, ვეღარც მეგანის მეგობრებმა მოახერხეს ცერემონიაზე დასწრება, ამიტომ ქალმა სასწრაფოდ დაიწყო ახალი მეჯვარეების ძებნა და შორს არც წასულა — არჩევანი თავის ბებიებზე შეაჩერა, რომელთაგან ერთი 80, მეორე კი 90 წლისაა.

ფოტო: Kristian Leven

როცა თავისი განზრახვა შვილიშვილმა ბებიებს გაანდო, მათ ინიციატივა "სულელურად" მიიჩნიეს.

"იფიქრეს, ძალიან მოხუცები ვართ მეჯვარეობისთვისო", — ამბობს მეგანი, — "შეიფერეს, მაგრამ მაინც ეგონათ, სასაცილოაო".

მეგანის მიერ დაგეგმილი ცერემონია ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეს მოიაზრებდა, თუმცა, მოგვიანებით, სტუმრების სიის მაქსიმალურად შემცირება მოუხდა და გადაწყვეტილების მიღებაც გართულდა.

"როცა გავიაზრე, რომ სტუმრების სია 15 ადამიანამდე უნდა შემემცირებინა, რომელთა შორისაც ჩემი საუკეთესო მეგობრის და მეჯვარის ადგილიც კი აღარ რჩებოდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა", — იხსენებს მეგანი.

თუმცა, ამ მნიშვნელოვანი დღისთვის აზრის მისანიჭებლად 80 წლის გილიან ჰოლოვეიმ და 90 წლის მერი კენედიმ ლონდონში გამგზავრება არ დაიზარეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს პირველი შემთხვევა იყო 2020 წლის მარტის შემდეგ, როცა მათ სოციალურ აქტივობაში ჩასართავად საკუთარი სახლები დატოვეს.

"გვსურდა, ეს დღე იმდენად განსაკუთრებულად გვექცია მათთვის, რამდენადაც შეგვეძლო", — ამბობს მეგანი.

ფოტო: Kristian Leven

მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო ხელისმომკიდეებს ერთმანეთის შესაფერისი კაბები არ ეცვათ, ხელში თაიგულჩაბღუჯულებმა შვილიშვილის გვერდიგვერდ მაინც გაიარეს.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ქორწილის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მეგანის თქმით, მისი ბებიები "დიდად ვერ ხვდებიან ამას".

"როცა ვეუბნები, რომ ქორწილის ბლოგზე მათ 5 000 ლაიქი მიიღეს, მხოლოდ იმას მეკითხებიან, ვინ მოიწონაო".

თუმცა, როცა ბელფასტურმა გაზეთმა ამ ამბის შესახებ დაწერა და მეგანმა ეგზემპლარები პირადად გაუგზავნა ორივეს, გილიანი და მერი უფრო აღფრთოვანდნენ.

"ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი სიგიჟეა, თუმცა მათთვის ეს ერთგვარი სტიმულიც იყო", — ამბობს მეგანი და დასძენს, რომ ის და თომასი წლის ბოლოსთვის დიდი ქორწილის გადახდას აპირებენ.