კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ბრალი ცურვაში ოლიმპიურ ჩემპიონს წაუყენეს. 38 წლის კლიტ კელერმა 2004 და 2008 წლებში ესტაფეტაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

როგორც The Guardian წერს, ვაშინგტონის სასამართლოში კელერს ბრალი აკრძალულ ადგილას შეღწევის, ხულიგნობისა და კანონი დაუმორჩილებლობის მუხლებით წაუყენეს.

გამოცემის ინფორმაციით, კაპიტოლიუმიდან გავრცელებულ ვიდეოებში სოციალურ ქსელებში კელერი ამოიცნო იმ პირთა შორის, რომლის შენობიდან გაყვანასაც პოლიცია ცდილობდა.

კელერის ყოფნა კაპიტოლიუმში გააკრიტიკეს ეროვნული ნაკრების წარმომადგენელმა და ოლიმპიურმა კომიტეტმა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელებში თავისი ანგარიშები წაშალა და ამ დრომდე საქმეზე განცხადება არ გაუვრცელებია.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კელერი უძრავი ქონების სააგენტოში, Hoff&Leigh-ში მუშაობდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ყოფილი სპორტსმენი მათთან აღარ მუშაობს.

"ჩვენ პატივს ვცემთ გამოხატვისა და პროტესტის უფლებას. თუმცა ვერ შევეგუებით ქმედებებს, რომელიც კანონს არღვევს", — განაცხადეს კომპანიაში.

13 იანვარს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას უჭირავს. მათ იმპიჩმენტი პროცედურა ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე დაიწყეს. ქვედა პალატაში იმპიჩმენტის გამოცხადება, ჯერ არ ნიშნავს, რომ ტრამპი თანამდებობას დატოვებს. აღნიშნული საკითხი სენატშიც უნდა განიხილონ.

დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის საფუძველი კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების თავდასხმა გახდა. დემოკრატიული პარტიის წევრები აცხადებენ, რომ არეულობა სწორედ ტრამპმა და მისმა განცხადებებმა გამოიწვია. კაპიტოლიუმში შეჭრისას ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. ამასთან, რამდენიმე პირს არეულობისთვის ბრალი უკვე წაუყენეს.

ისტორიულ კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატაში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებდნენ, 25-ე შესწორების გამოყენებას და ტრამპი ქმედუუნაროდ გამოეცხადებინა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადგილს ავტომატურად ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებდა. თუმცა ჯერ კიდევ კენჭისყრამდე პენსმა უარი თქვა დემოკრატების მოწოდებაზე.