ანა ვინტური Vogue-ის ახალი გარეკანის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელზეც არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისია გამოსახული. გამოცემას ჰარისის კანის ფერის გაღიავებაში და უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.

Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა დაიცვა გარეკანისთვის შერჩეული ფოტოები, რომელზეც ჰარისს კონვერსის კედები აცვია.

გავრცელებული ხმების თანახმად, ფოტო ვიცე-პრეზიდენტის სურვილის საწინააღმდეგოდ შეირჩა. მისი არჩევანი მაიკლ კორსის ლურჯ პიჯაკში გადაღებული, ბევრად ფორმალური ფოტო იყო.

მაიკლ კორსის პიჯაკში გადაღებული ფოტოები ტაილერ მიჩელმა, ფოტოების ავტორმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

"გამოცემის გარეკანთან დაკავშირებით არსებულმა რეაქციამ ჩვენამდე მოაღწია, გვესმის წუხილი, თუმცა ჩვენი განზრახვა არჩეული ვიცე-პრეზიდენტის დიდებული გამარჯვების დაჩრდილვა არ ყოფილა", — განაცხადა ანა ვინტურმა New York Times-თან.

ჰილარი კლინტონისა და მიშელ ობამას ელეგანტურ ფოტოებთან შედარებით, ჰარისის ფოტო ზედმეტად არაფორმალურად მიიჩნიეს. რობინ გივანის, Washington Post-ის მოდის კრიტიკოსის აზრით, ფოტომ "კამალა ჰარისს სათანადოდ არ მიაგო პატივი. ზედმეტად შინაურული იყო, რაც გამოცემას არ ეკადრება".

ფოტო: Vogue

ფოტო: Vogue

ვინტურის მტკიცებით, ჰარისის მხარე და მოდის ჟურნალი საბოლოო ფოტოების არჩევანზე არ შეთანხმებულან.

"გარეკანის არჩევანზე ფორმალური შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ როდესაც შერჩეული ორი ფოტო ვნახეთ, მივხვდით, რომ ნაკლებ ფორმალური პორტრეტი იმ დროის შესაბამისია, რომელშიც ვცხოვრობთ", — განაცხადა Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა. მისი აზრით, ფოტო "ბუნებრივი და მეგობრულია".

გარეკანთან დაკავშირებით ატეხილ განგაშამდე, ვინტურმა განაცხადა: "არ მეგულება ადამიანი, რომელიც ფოტოზე აღტაცების და პოზიტივის გარდა რამეს დაინახავს".

სოციალურ ქსელებში, მომხმარებლები იმასაც ამბობდნენ, რომ შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტის კანის ფერი გაღიავებულია. აგვისტოში, ჟურნალი სიმონ ბაილსის კანის ფერის გაღიავებაშიც დაადანაშაულეს.

ფოტო: Vogue

ივნისში, ბევერლი ჯონსონმა, პირველმა შავკანიანმა მოდელმა, რომელიც Vogue-ის გარეკანზე დაიბეჭდა ანა ვინტური გააკრიტიკა, გუნდის შავკანიანი წევრების არასათანადოდ დაფასების გამო.

ფოტო: Vogue

"მოდის ინდუსტრია შავკანიან ადამიანებს სარგებლისთვის იყენებს და ამასთანავე, ხელს უშლის ნიჭის წარმოჩენაში. რასიზმით მანიპულირება მოდის ინდუსტრიას ნამდვილად კარგად გამოსდის", — განაცხადა მან.

"არჩეულ ვიცე-პრეზიდენტთან თანამშრომლობისას ჩვენი მიზანი მისი როგორც ლიდერისა და უბრალოდ ადამიანის წარმოჩენა იყო, გვინდოდა თავი კომფორტულად ეგრძნო. ჰარისს ჩაცმის სტილის არჩევის ნება მივეცით და გარეკანის ფოტოებზე არსებული ვიზუალი მისი და მისი გუნდის შერჩეულია. გვინდოდა გარეკანის ფოტოს მისი ოპტიმიზმი, პერსონა და ავთენტურობა გადმოეცა. ჩვენ ორივე ფოტო გვიყვარს", — განაცხადა Vogue-მა