შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ვითარების განსამუხტად 12 იანვარს ადგილზე სამღვდელოება გაუშვა. მიტროპოლიტის განცხადებას შემოქმედების ეპარქია ფეისბუქზე ავრცელებს.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან, ზოტიდან და სხვა სოფლებიდან 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად", — აცახდებს იგი.

მისი თქმით, სამღვდელოება "ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად" ღამით ჩავიდა და საუბარმა შედეგი გამოიღო. მიტროპოლიტის განცხადებით, მეორე დღეს გურულებისა და აჭარლების "შერიგება მოხდა".

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით", — აცხადებს იგი.

რელიგიური კონფლიქტი მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის 12 იანვარს დაიწყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები კი მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას სოფელში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, სახელმწიფოს კი თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდა.

EMC-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ინციდენტში 2 ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება — ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და სალოცავი სივრცის ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 12 იანვარს ბუკნარში ორ თანასოფლელს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.