სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ რელიგიური ნიშნით ადამიანების ან რელიგიური თემის შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია, ასევე, დევნის გამოვლინებები შემაშფოთებლად მიება ერთმანეთს.

"ჩვენმა საზოგადოებამ თითქმის მდუმარებითა და კრიტიკის გარეშე მიიღო ანტისემიტური გამოსვლების ტალღა რელიგიური პირების მხრიდან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებმაც მკაფიოდ დაგმეს ებრაელი ერისკენ მიმართული სიძულვილის რიტორიკა და ქართულ-ებრაული მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციაზე ალაპარაკდნენ. შემაშფოთებელია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველო სახლის გახსნისა და ამ ნიადაგზე მუსლიმებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევა. ყოვლად დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის, გამო რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა", — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციები მიმართავენ ხელისუფლებას და მოუწოდებენ, სრულად აღკვეთოს სოფელ ბუკნარში რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული.

"უპირობოდ უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლება, ჰქონდეს სალოცავი ადგილი, ილოცოს თავის ტაძარსა თუ მეჩეთში, დაიცვას რელიგიური წესები, უზრუნველყოფილი იყოს რელიგიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უსაფრთხოება. ქსენოფობიისა და სიძულვილის რიტორიკის პრობლემებთან, ანტისემიტიზმის გამოვლინებებთან მიმართებით იქონიოს ცხადი, არაორაზროვანი, ანტიდისკრიმინაციული და სახელმწიფოებრივი მიდგომა, იზრუნოს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაზე", — ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები არიან:

  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო;
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი;
  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია;
  • ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია;
  • ევანგელურ–ლუთერული ეკლესია;
  • სახარების რწმენის ეკლესია;
  • ევანგელისტური ეკლესია;
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა;
  • ხსნის არმია;
  • ევანგელური ეკლესია "ურყევი საფუძველი";
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია;
  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება;
  • მეგობართა საზოგადება — კვაკერები;
  • აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება;
  • საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო;
  • მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია;

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის გუშინ, 12 იანვარს დაიწყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები კი მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას სოფელში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, სახელმწიფოს კი თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე: