სწავლა რთულია. დისტანცური მეთოდით — კიდევ უფრო. მნიშვნელობა არ აქვს, სკოლაში ხარ თუ უნივერსიტეტში, ფაქტი მაინც ერთია — კენწეროში ვერ ტკბილდების; გაკვეთილებსა და ლექციებზე დასწრება, შუალედურებისა და გამოცდებისთვის მომზადება, დავალებების შესრულება, დაუსრულებელი ესეები და პრეზენტაციები — ეს მცირე ჩამონათვალია იმ გოლიათებისა, რომლებთანაც შერკინება ყოველდღიურად გვიწევს.

ადრე თუ ამ გოლიათებთან შებრძოლება პირისპირ გვიწევდა და მეგობრების ნახვა, რომლებიც ჩვენნაირად ირჯებოდნენ, ცოტათი გვამშვიდებდა, ახლა ყველაფერი უფრო გართულდა. დღეს პანდემიის დამსახურებით ბრძოლის ველი ჩვენს სამუშაო მაგიდაზეა გადმოსული. ასე დავრჩით ეულად, ეკრანების მიღმა, მილიონ დავალებასთან ერთად.

ამიტომაც, ეს სტატია იმის შესახსენებლად იყოს, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ხარ.

ეს ის 15 სიტუაციაა, რომელიც იმ შემთხვევაში გეცნობა, თუ შენც, ჩემთან ერთად, სასწავლო სემესტრის ყველაზე კრიტიკულ ნაწილში იმყოფები:

1. უკვე ზუმის ხსენებაც კი გაღიზიანებს

ფოტო: Warner Bros.

ზუმი — ერთი ჯადოსნური სიტყვა და ათასი ემოცია. სინამდვილეში, მას არაფერი დაუშავებია. პირიქით, დისტანციურ სწავლებას ცოტათი გვიმარტივებს კიდეც. მაგრამ სასწავლო სემესტრმა უკვე ისე დაგვცა ძირს, რომ ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც, ამ ჩვენგან ჩაგრულ პლატფორმას ვაბრალებთ.

2. ძილის პრობლემები გაქვს

ფოტო: Giphy

ან გაძლიერებულ ძილიანობას ებრძვი და თავს მუდმივად უენერგიოდ გრძნობ, ან კიდევ პირიქით — ინსომნია გაწუხებს და უძილობის გამო რეჟიმი სრულიად აგერია.

3. უხასიათობას უჩივი

ფოტო: Claire Mclaughlin / On.ge

დაღლილობა და უენერგიობა უხასიათობას იწვევს. საქმის კეთების მოტივაცია, რომელიც სემესტრის კრიტიკულ მომენტში ასე საჭიროა, სადღაც იკარგება.

4. თავის ტკივილებიც გაწუხებს

ფოტო: Walt Disney Pictures / Giphy

ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ თუ კიდევ ერთ ახალ მასალას მიაწვდი ტვინს, თავი აგიფეთქდება. გარდა იმისა, რომ ეკრანთან გატარებული დიდი დრო და ბევრი სამუშაო თავის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზია, ხშირად მას გაზრდილი სტრესიც იწვევს.

5. უამრავი საქმის მიუხედავად, თვალი ტიკტოკისა და ინსტაგრამისკენ გაგირბის

ფოტო: NBC Universal / Giphy

ჩვენ რომ გვკითხოთ, მარტო ხუთი წუთით შევალთ და მერე კვლავ საქმეს მივუბრუნდებით. მაგრამ, მოდით, გულწრფელები ვიყოთ — ვის ვატყუებთ? ამ ზღაპრის უკვე თავადაც აღარ გვჯერა და მხოლოდ თავს ვიკატუნებთ. სინამდვილეში, ხუთი წუთი ათად იქცევა, ათი — ნახევარ საათად, ნახევარი საათი — მთელ შუადღედ და ასე გრძელდება უსასრულოდ.

ერთხელ თუ ჩაგითრია სოციალური ქსელების მორევმა, უკან ამოსასვლელად და სამუშაოსთან მისაბრუნებლად დიდი ნებისყოფაა საჭირო.

6. კონცენტრაციის პრობლემა გაქვს

ფოტო: Nickelodeon / Giphy

შესაბამისად, გასაკვირი არცაა, რომ კონცეტრაციასაც ვუჩივით. თანაც, როცა მილიონი საქმე გაქვს, რთულია, მთელი შენი ყურადღება ერთი საგნისკენ მიმართო. არადა, ეს პროდუქტიულობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა.

7. დღეში მინიმუმ სამ ჭიქა ყავას სვამ

ან კიდევ ენერგეტიკული სასმელებით იჭყიპები იმის იმედად, რომ უამრავ საქმესთან გამკლავებაში ორგანიზმში გაზრდილი კოფეინის რაოდენობა დაგეხმარება.

სინამდვილეში კი, მგონი, კოფეინზე მეტად იმის რწმენა გვეხმარება, რომ ბევრი ყავის დალევა ჩვენს ენერგიაზე მართლაც მოქმედებს.

8. დედლაინები კოშმარებად გელანდებიან

დედლაინების ხატება დაგვდევს თან, ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან!

9. გაკეთებული კონსპექტები თვალებს გიჭრელებენ

ფოტო: Lowgif

ფერად-ფერადად ჩაწიკწიკებული კონსპექტები უამრავ საქმეს ლამაზად ფუთავენ და ფურცლებიდან მაცდურად ამოგყურებენ იმისთვის, რომ საქმეში შეგიტყუონ.

10. ესეებში სიტყვების მინიმუმი ლიმიტის შესავსებად საოცარ წინადადებებს იგონებ

ეს ის ახალი ნიჭი თუ უნარია, რომელიც ბევრი დავალების არსებობის შემთხვევაში მუშავდება. როცა დღეში ორი ესე გაქვს მოსამზადებელი, პოემების წერის დრო არ არის. ამიტომ ცდილობ, აზრი მაქსიმალურად ლაკონიურად გადმოსცე. თუმცა სიტყვების რაოდენობაზე დაწესებული ქვედა ზღვარი ხშირად ამის საშუალებას არ გაძლევს. ამიტომ ბოლოს სტუდენტებს გრძელი და გადაპრანჭული წინადადებების ჰაერიდან შექმნის სუპერძალა გვიჩნდება.

11. ცდილობ, გაიხსენო, როგორი იყო, როცა არდადეგები მართლა "არდადეგობდა"

ფოტო: Walt Disney Pictures / Giphy

ეჰ, ნეტავ, იმ უხსოვარ დროს, როცა არდადეგებზე მაქსიმუმ "როგორ გავატარე ზაფხული" გვქონდა დასაწერი…

12. ცდილობ, ისიც გაიხსენო, ბოლოს როდის იყო, როცა სერიალს ნამუსგასუფთავებულმა უყურე

ფოტო: ITV Studios Global / Giphy

ან საყვარელი წიგნი საქმეებისგან მოპარული დროის ხარჯზე კი არა, უბრალოდ თავისუფალ საათებში წაიკითხე.

13. ამჩნევ, რომ ისედაც ძლივს ნაშენები სოციალური ცხოვრება გენგრევა

გადატვირთულობის გამო ხომ ისედაც სულ რთული იყო სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება, მაგრამ ამ პანდემიისას ურთიერთობები კიდევ უფრო გართულდა. თუ ადრე მეგობრები რიგში გვყავდნენ და მოთმინებით გველოდებოდნენ, როდის მოვიცლიდით მათ სანახავად, ახლა მოთმინებით გველოდებიან, როდის შევძლებთ ვიდეოზარებით ჩართვასა და ონლაინ ჭორაობას. მაგრამ… თავზემოთ ძალა არაა!

14. ძველ ცხოვრებაზე ოცნება გეპარება

გადატვირთულობის ჟამს განსაკუთრებით ძლიერდება ნორმალური, უპანდემიო ცხოვრების ნოსტალგია. ოცნება უპირბადო სეირნობებზე, თბილ ჩახუტებებსა და უდისტანციო შეხვედრებზე ისაა, რაც მუშაობისას შეფარულად გვეპარება ხოლმე. ადრე, როცა სემესტრის კრიტიკულ მონაკვეთში ვიყავით, ან მეგობრებთან ერთად ვმეცადინეობდით, ან კიდევ მათთან ერთად გარეთ ვხეტიალობდით და შემდეგ საქმეს ვუბრუნდებოდით. ეს კი უფრო ამარტივებდა მუშაობის პროცესს. მაგრამ ახლა… ეკრანსაც ვერ ვცდებით.

15. თავი შიმშილის თამაშებში გგონია

ფოტო: Lionsgate / Giphy

კორონავირუსის წყალობით, მეცადინეობის პროცესი — დედლაინებთან, ესეებთან, პრეზენტაციებთან, გამოცდებთან და ქულებთან ბრძოლა — კიდევ უფრო დაემსგავსა შიმშილის თამაშებს. თითქოს, არენაზე ვართ და გადასარჩენად უამრავ დაბრკოლებასთან გვიწევს გამკლავება.

მაგრამ, გახსოვდეს, რომ ამ საბრძოლო არენაზე მარტო სულაც არ ხარ.

ამიტომაც: დაე, იღბალი მუდამ თან გვდევდეს!