ჩინეთში, ქალაქ სენიანგში, COVID-19-ის ტესტებს რობოკიდურის დახმარებით აკეთებენ. როგორც Euronews იტყობინება, მსგავსი მიდგომის მიზანია შემცირდეს კონტაქტი სამედიცინო პერსონალსა და შესაძლო ინფიცირებულებს შორის.

რობოკიდურს სამედიცინო პერსონალი სხვა ოთახიდან მართავს და ასე, მას შეუძლია ისეთი დელიკატური სამუშაოს შესრულება, როგორიც ადამიანის პირის ღრუდან ნიმუშის აღებაა. ტესტირების პროცესში პაციენტმა უნდა გააღოს პირი და უძრავად დარჩეს, სანამ რობოტი სამუშაოს ასრულებს. ტესტირების დასასრულს კი რობოტი ხმოვანი შეტყობინებით ამცნობს ადამიანებს.

რობოტი, რომელსაც Lingcai უწოდეს, მასშტაბური საცდელი კამპანიის ნაწილია, რომელიც ცდილობს ლიაონინგის პროვინციაში მიმდინარე ეპიდემიას ებრძოლოს. ჩინეთის სახელმწიფო გაზეთის Global Times-ის თანახმად კი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ რობოტი შეამცირებს ინფიცირების რისკს და დააჩქარებს ტესტირების პროცესს.