ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მმართველი გუნდი პარლამენტში "სიამოვნებით" დაელოდება, როგორც ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეებს, ასევე — გირჩს.

"ქართულ ოცნებას თავისი შეთავაზება გაკეთებული აქვს. პრაქტიკულად, ყველა პირობა მათ წინაშე ჩვენი მხრიდან იყო წარდგენილი და დამატებითი მოთხოვნები, არ ვიცი, ჩვენთვის რამდენად მისაღები იქნება. მით უმეტეს, 2024 წლამდე არის პარლამენტში არჩეული და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ, წესით, არ უნდა დადგეს [...] ნამდვილად მნიშვნელოვანია და სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და გირჩსაც პარლამენტში", — განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველი ტური ცხრა პარტიამ გადალახა. მათგან, 8 ოპოზიციურმა ძალამ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ სცნო, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო და მანდატების გაუქმება მოითხოვა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს გირჩისა და მოქალაქეების გარდა ყველა პარტიამ მიმართა. მათ შორის, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც.

სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა პატრიოტთა ალიანსის 3 წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. პატრიოტთა ალიანსის სიით მათ ნაცვლად პარლამენტში შევიდნენ დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე. პარლამენტში შესვლასთან ერთად მათ პარტია დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა — ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.