იმპიჩმენტის მეორედ გამოცხადების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მალევე თეთრი სახლის ტვიტერზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან კაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, თუმცა ხუთწუთიან მიმართვაში არაფერი უთქვამს იმპიჩმენტზე.

ტრამპმა მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ძალადობრივ აქციებში. გარდა ამისა, მან კაპიტოლიუმზე თავდასხმა შეჭრად შეაფასა.

"მინდა ნათელი ვიყო. ცალსახად ვგმობ ძალადობას, რომელიც ჩვენ წინა კვირას ვნახეთ. ძალადობისა და ვანდალიზმის ადგილი არაა ჩვენს ქვეყანასა და მოძრაობაში [Make America Great Again]", — აღნიშნა ტრამპმა.

მან კვლავ განაცხადა, რომ თავდასხმის მონაწილეები დაისჯებიან.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას უჭირავს. მათ იმპიჩმენტი პროცედურა ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე დაიწყეს. ქვედა პალატაში იმპიჩმენტის გამოცხადება, ჯერ არ ნიშნავს, რომ ტრამპი თანამდებობას დატოვებს. აღნიშნული საკითხი სენატშიც უნდა განიხილონ.

6 რესპუბლიკელმა წინასწარ განაცხადა, რომ ტრამპისთვის იმპიჩმენტის რეზოლუციას მხარს უჭერდნენ. ხმის მიცემისას კი, მათ კიდევ 4 შეუერთდა და ტრამპის იმპიჩმენტს 10-მე რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. პარტიელების უმრავლესობა კი ტრამპის ერთგული დარჩა.

დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის საფუძველი კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების თავდასხმა გახდა. დემოკრატიული პარტიის წევრები აცხადებენ, რომ არეულობა სწორედ ტრამპმა და მისმა განცხადებებმა გამოიწვია.

ისტორიულ კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატაში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებდნენ, 25-ე შესწორების გამოყენებას და ტრამპი ქმედუუნაროდ გამოეცხადებინა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადგილს ავტომატურად ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებდა. თუმცა ჯერ კიდევ კენჭისყრამდე პენსმა უარი თქვა დემოკრატების მოწოდებაზე.