The Guardian-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმის შტურმში ევროპული ქვეყნების ლიდერებმა დონალდ ტრამპი საჯაროდ გააკრიტიკეს, სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ევროპაში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმა. შეხვედრების ჩაშლის ოფიციალურ მიზეზად ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გარდამავალ ჯგუფთან კოორდინაციის აუცილებლობა დასახელდა.

მედიის ინფორმაციით, მაგალითად, ვიზიტი ლუქსემბურგში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა კაპიტოლიუმში მომხდარი თავდასხმისთვის ტრამპს "კრიმინალი" უწოდა. მან ტრამპი პოლიტიკურ პირომანად მოიხსენია, რომელიც სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

The Guardian-ი Reuters-ისა და Fox News-ის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა სწორედ ლუქსემბურგის ინიციატივით ჩაიშალა.

პომპეო, ასევე, ბელგიის ვიცე-პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სოფი უილიამს უნდა შეხვედროდა. ამ უკანასკნელმა კი ტვიტერზე დაწერა: "შოკისმომგვრელი სურათი ვნახეთ კაპიტოლიუმში, ის ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსაც აზიანებს".

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელსაც პომპეოსთან ვახშამი უნდა ჰქონოდა, მომხდარს შოკისმომგვრელი უწოდა და განაცხადა: "ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ".

ნატოს პრესსპიკერმა კი აღნიშნა, რომ პომპეომ ვიზიტის გაუქმების მიზეზად გარდამავალი ეტაპი დაასახელა.

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერებმა პომპეოსთან ბოლო ვიზიტზე უარი განაცხადეს, მაგრამ ევროკავშირის სპიკერის თქმით, ოფიციალურ პირებთან შეხვედრის რაიმე გეგმა ან თხოვნა არ ყოფილა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპელი ლიდერების პომპეოსთან შეხვედრების ჩაშლაზე კომენტარი არ გააკეთეს.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ამით, ტრამპი აშშ-ს ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

ამას წინ 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები უძღოდა. კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.

შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.

არეულობის შედეგად დაშავდა პოლიციის სულ მცირე 14 თანამშრომელი. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 52 პირი: 4 ლიცენზიის გარეშე იარაღის ტარებისთვის, 1 აკრძალული იარაღის ტარებისთვის, 47 კი კომენდანტის საათის დარღვევისთვის.

წაშლილი პოსტებიდან ერთ-ერთი ტრამპი მხარდამჭერებს, მათ შორის კაპიტოლიუმში შეჭრილებს "განსაკუთრებულს" უწოდებდა და ამბობდა, რომ ისინი უყვარს. მეორეში კი მათ საქციელს ამართლებდა და აცხადებდა, რომ ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც არჩევნები წაართვეს. ტრამპის ეს განცხადებები ძალადობის წახალისებად შეფასდა.

ტრამპის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული არეულობის მიუხედავად, 7 იანვარს, აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.

სენატმა და წარმომადგენლელთა პალატამ უარყვეს მოთხოვნები ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ასევე აპროტესტებდნენ არიზონას, ნევადისა და მიჩიგანის შედეგებსაც.

საბოლოოდ კონგრესმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დაამტკიცა, რომელიც ასე გადანაწილდა:

  • ჯო ბაიდენი — 306;
  • დონალდ ტრამპი — 232.

არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგებიან. მანამდე კი ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება.

გაიგეთ მეტი: