გავრცელებული ინფორმაციით, ევროპოლთან შეთანხმებული საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში, დაიხურა მსოფლიოს უდიდესი ბაზარი ბნელ ინტერნეტში — DarkMarket. გერმანელმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, აღნიშნული არალეგალური ბაზრის მფლობელია. მას ჩამოართვეს 20 სერვერი და საბოლოოდ დახურეს არალეგალური აქტივობების ბაზარი.

დახურვამდე, DarkMarket-ს, საშუალოდ 500 000 მომხმარებელი ჰყავდა და ევროპოლის მიხედვით, აქ ჯამში განხორციელდა 320 000 ტრანზაქცია. აღნიშნულ ბაზარზე ვაჭრობდნენ ისეთი არალეგალური საქონლით, როგორიცაა ნარკოტიკები, ყალბი ფული, მოპარული საკრედიტო ბარათების დეტალები თუ მავნე კომპიუტერული პროგრამები. ევროპოლის შეფასებით, DarkMarket-ზე დღევანდელი კურსის ექვივალენტური 140 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქცია გაიყიდა, ბიტკოინისა და მონეროს კომბინაციით. ევროპელი უფლებამოსილი პირები ჩამორთმეული სერვერების გამოყენებას აპირებენ უკრაინიდან და მოლდოვიდან, რათა გამოიკვლიონ იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებმაც წარსულში ეს ქსელი კრიმინალური ტრანზაქციებისთვის გამოიყენეს.

The Guardian-ის მიხედევით, DarkMarket-ის გამოაშკარავება კომპანია Cyberbunker-ის მასშტაბური გამოძიების ნაწილი იყო. აღნიშნულის მსგავსად, 2020 წელს დაიხურა ბნელი ინტერნეტის კიდევ ერთი ბაზარი — Wall Street Market, რამდენიმე საიტი კი, როგორიცაა Empire Market, საერთოდ გაქრა. ამის მიზეზს, სავარაუდოდ, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან გაზრდილი აგრესია ბნელი ინტერნეტის მიმართ და აღნიშნული არალეგალური ბაზრების ინტენსიური ძიება და დახურვა.