ამერიკელმა მომღერალმა, ლანა დელ რეიმ, BBC-სთან ინტერვიუში მისი ალბომის გარეკანთან დაკავშირებულ კრიტიკულ გამოხმაურებასა და კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა.

თავდაპირველად, დელ რეიმ განმარტა, რატომ გამოეხმაურა კრიტიკულ კომენტარებს მისი ბოლო ალბომის, Chemtrails Over the Country Club-ის გარეკანთან დაკავშირებით, რომელზეც ლანას დიდი ხნის მეგობრები შავ-თეთრ ფოტოზე არიან აღბეჭდილნი.

"ბევრი პრობლემა მაქვს, თუმცა ინკლუზიურობა მათ შორის ნამდვილად არაა", — განაცხადა მომღერალმა, — "შეუძლებელია, ასე იყოს. ჩემი მეგობრები, ოჯახი და ყველაფერი... ყველა მათგანი ერთ მხარეს არაა მიმართული, თუმცა კაპიტოლიუმი ჩვენ არ დაგვირბევია. ჩვენ ბაიდენს მივეცით ხმა".

მოგვიანებით, იმავე ინტერვიუში, კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის თემაზე ლანამ უფრო ვრცლად ისაუბრა.

"ადამიანების კაპიტოლიუმში შეჭრა, მიმაჩნია, რომ განცალკევებული მრისხანება იყო. მათ ბრაზის სადმე გადმონთხევა სურთ", — აღნიშნა მომღერალმა და ტრამპის "უუნაროდ" მოხსენიებისას დასძინა, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ "ამბოხს აღვივებდა", თუმცაღა მისი მხარდამჭერები ამ პროცესს "რევოლუციად" მიიჩნევენ, — "თან, ასე მგონია, არ ვიცით, როგორ ვიბობოქროთ ჩვენს სამყაროში.

"ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა გადააფასონ, რა არის უცნაური და რა — არა", — აგრძელებს მომღერალი, — "ანუ, როცა უყურებ, როგორ იჭრებიან ადამიანები კაპიტოლიუმში, ყველამ უნდა გაიხსენოს და მიხვდეს, რომელ კაპიტოლიუმებს არბევდნენ ეს ადამიანები მთელი წელი მათ ცხოვრებაში. იმიტომ, რომ ყველა გიჟივით იქცევა. ადამიანების ნახევარი, ვისაც ვიცნობ, უბრალოდ, იდიოტია. ისინი ასე ასე იქცევიან: 'ცვლილება გვჭირდება', შემდეგ კი ხალხის მეორე ნახევარი მათ აცრემლებული შეჰყურებს. ეს სამწუხარო და საშიშია, თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება, მოხდეს".

დელ რეიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ბოლო ოთხი წელი ქვეყნის შესაცვლელად აუცილებელი იყო.

"ტრამპის სიგიჟე, ისეთი საშინელი, როგორიც იყო, ნამდვილად უნდა მომხდარიყო", — აცხადებს მომღერალი, — "აუცილებლად უნდა ასახულიყო ჩვენი მსოფლიოს უდიდესი პრობლემა, რომელიც არა კლიმატის ცვლილება, არამედ სოციოპათია და ნარცისიზმია, განსაკუთრებით, ამერიკაში. სამყაროს არა კაპიტალიზმი, არამედ ნარცისიზმი დაღუპავს სწორედ. მიკვირს, ამდენი ხანი რომ არ გვყავდა პირდაპირ ეთერში ფსიქოპათი, შეშლილი ადამიანი პრეზიდენტად, რადგან ზუსტად ამას ვხედავთ ტელევიზორში და ინსტაგრამზე.

ფოტო: Getty

დელ რეი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში თავად იქცა განხილვის ობიექტად. ინსტაგრამზე ალბომის გარეკანის გამოქვეყნებიდან მალევე, მან ვრცელი მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რატომ იყვნენ ფოტოზე გამოსახულნი მხოლოდ ეს ადამიანები. ინტერნეტმომხმარებლების შეფასებით, მან ერთგვარად თავდაცვა სცადა, რადგან სურათზე მრავალფეროვნება ასახული არაა. მიუხედავად ამისა, ლანამ BBC-სთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ფოტოზე გამოსახული ქალების ნახევარი თეთრკანიანი არაა, თავად კი ამ კრიტიკულ განხილვაში მათი ჩაბმის გამო თავი "უხერხულად" იგრძნო.

"თუმცა, როცა მათ ველაპარაკე, მითხრეს, საერთოდ არ გვადარდებს და არც შენ უნდა გადარდებდესო... შენი მეგობრები მთელი მსოფლიოდან არიან და საკუთარი თავის სხვაგვარად წარმოჩენა არც არასდროს გიცდიაო".