მრავალი ცნობილი მწერალი ირწმუნება, რომ სინამდვილეში ნაწარმოებში სიუჟეტსა და დიალოგებს თავად პერსონაჟები ქმნიან: ისინი ავტორთა რომანებში არსებითად "დამოუკიდებლად მოქმედებენ".

ამ ფენომენის გამოსაკვლევად დარემის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა 2014-სა და 2018 წელს ედინბურგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამოკითხვა ჩაატარა. მკვლევრებმა მწერლებს ჰკითხეს, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ საკუთარ პერსონაჟებთან. 181 მონაწილიდან 60%-ზე მეტმა განაცხადა, რომ თავიანთი პერსონაჟების ხმა გაეგონათ; ასევე 60%-ზე მეტმა თქვა, რომ ხანდახან პერსონაჟები თავისით, დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. ზოგმა ავტორმა ისიც კი აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში პერსონაჟებს ესაუბრებოდა, დიალოგს უბამდა და ისინიც "პასუხობდნენ", ხანდახან კი ეკამათებოდნენ კიდეც.

ეს მწერლები ცალსახად უსვამდნენ ხაზს ამგვარი გამოცდილებების წარმოსახვითობას. მაგრამ ისიც განაცხადეს, რომ ზოგჯერ გაოცებულებიც კი რჩებიან იმის გამო, თუ რა თქვეს და როგორ იმოქმედეს მათ მიერვე შექმნილმა გმირებმა; უფრო მეტიც, ხანდახან გაუცინიათ კიდევაც იმ ხუმრობაზე, რომელიც პერსონაჟებმა უთხრეს. სწორედ ეს ბადებს კითხვას კონტროლისა და "წარმომადგენლობის" შესახებ, რადგან, როგორც თავად აღნიშნეს, მწერლებს ყოველთვის არ აქვთ იმის განცდა, რომ თხრობისას მოვლენებს გაცნობიერებულად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად ავითარებენ.

ვინ ლაპარაკობს?

ფოტო: Aron Vellekoop Leon / Getty Images

ამგვარ გამოცდილებას ხშირად იმით ხსნიან, რომ მწერლები განსაკუთრებული ან განსხვავებული ადამიანები არიან, რადგან მათი წარმოსახვა, როგორც წესი, უფრო "მკაფიო" ან "ძლიერია". მაგრამ აღნიშნულ კვლევაში იმდენად ბევრი შემთხვევა აღინიშნა, რომ მსგავს ზოგად თეორიათა სარწმუნოობა ეჭვის ქვეშ დგება. მართლაც, გამოკითხულ მწერალთაგან თვალშისაცემად ცოტამ განაცხადა, რომ თავიანთი პერსონაჟების თვითმყოფადობა არასოდეს უგრძნიათ.

"შინაგან ხმაზე" ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევები, შესაძლოა, ამ ფენომენის განსხვავებულად ახსნაში დაგვეხმაროს. "შინაგანი ხმა" იგივე ის მონოლოგი ან დიალოგია, რომელსაც სიტყვიერი აზროვნებისას ვქმნით. ეს გამოცდილება თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. მაგალითად, ზოგს ასეთ დროს საკუთარი ხმის გაგონება შეუძლია, ზოგი კი თითქმის ვერც კი აცნობიერებს აღნიშნულ პროცესს.

გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს ეს ხმა შინაგანი მონოლოგის სახით ჩაესმის, სხვებს კი — დიალოგის. უფრო მეტიც: არებობს შემთხვევებიც, როცა შინაგანი ხმა არა თავად ინდივიდს, არამედ სხვას ეკუთვნის — მაგალითად, შესაძლოა, გავიგონოთ მშობლის ხმა, რომელიც გვაკრიტიკებს ან სულაც რჩევას გვაძლევს.

ანალოგიურად, სხვა ადამიანების ხმები შეიძლება ჩაგვესმას მაშინ, როცა, მაგალითად, ვისხენებთ მათთან კამათს და წარმოვიდგენთ, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ის; ან მაშინ, როცა სხვის რეაქციას წარმოვიდგენთ იმ სიახლეზე, რომელიც უნდა შევატყობინოთ.

ამგვარად, იმის გარკვევის მცდელობა, თუ რამდენად შეგვწევს რეალური ადამიანების წარმოსახვითი ვერსიების გაკონტროლება, სულაც არ არის უსაფუძვლო. ბოლოსდაბოლოს, ის განცდა, თუ რას იტყვის მეგობარი ან ოჯახის წევრი ამა თუ იმ სიტუაციაში, სულაც არ არის ისეთი რამ, რაც შეგნებულად ან გონების დაძაბვით ჩნდება. ჩვეულებრივ, ეს სპონტანური და ინტუიციურია; ყოველ შემთხვევაში მაშინ, როცა წარმოდგენილ ადამიანს კარგად ვიცნობთ. ამასთან, ეს, თავის მხრივ, განსხვავდება იმ ფენომენისგან, როცა უბრალოდ გადავწყვეტთ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი გვინდა, რომ მათი საპასუხო რეაქცია იყოს.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მწერლების უმრავლესობას თავიანთი პერსონაჟების ხმა ჩაესმის და ეს პერსონაჟები მათთან დიალოგებსაც კი აბამენ.

ფოტო: GoodStudio / Shutterstock

კონტრასტის საკითხი

ამგვარი მიდგომის თანახმად, სინამდვილეში, უმეტესობა ჩვენგანში დამოუკიდებლად არსებობენ "პერსონაჟები" და სწორედ მათი ხმა ჩაგვესმის — უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ამ პერსონაჟებს იმ ადამიანების იდენტობები აქვთ, რომლებსაც რეალურ სამყაროში ვიცნობთ.

მართლაც, კვლევაში მონაწილე ზოგიერთმა მწერალმა ცალსახად გაუსვა ხაზი იმას, რომ თავიანთი პერსონაჟების ხმის გაგონება ნამდვილად ჰგავდა იმ პროცესს, როცა ჩვენში სხვა, ნამდვილი ადამიანების შინაგანი ხმა ჩნდება:

ეს იმას ჰგავს, როცა მაღაზიის ვიტრინაში კაბას შენიშნავ და გონებაში მაშინვე დედაშენის ხმა ჩაგესმის, რომელიც გეუბნება, რომ კაბა "კარგად არ გაირეცხება". ეს უნებლიეთ ხდება, მაგრამ სულაც არაა მოულოდნელი.

ამგვარად, შესაძლოა, მთავარი კითხვა სულაც არაა, თუ როგორ ჩაესმით მწერლებს მხატვრული გმირების ხმები, არამედ ის, თუ რატომაა ამ პერსონაჟების თვითკმარობა გაცილებით შესამჩნევი და, შესაბამისად, უფრო საყურადღებოც. ერთი შესაძლო ახსნა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა ურთიერთობაშია პერსონაჟთა თვითკმარობის ეს გამოვლენა სხვა, რეალურ თუ წარმოსახვით გამოცდილებებთან.

ერთ მხრივ, არსებობს კონტრასტი, რომელიც წარმოიქმნება იმის გამო, თუ როგორ ვითარდებიან პერსონაჟები გარკვეული დროის განმავლობაში. მხატრვულ ტექსტზე მუშაობის საწყის ეტაპებზე მწერლები გაცნობიერებულად და შეგნებულად წყვეტენ, რა მოიმოქმედონ ან რა თქვან მათ მიერვე შექმნილმა გმირებმა. გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ, იმის წყალობით, რომ მწერლები უკვე მშვენივრად იცნობენ თავიანთ პერსონაჟებს, ჩნდება ამ გმირთა ინტუიციური და უშუალო შეგრძნების ისეთი უნარი, როგორიც ჩვენ ირგვლივ მყოფი, რეალური ადამიანების მიმართ გვაქვს. სწორედ ამ ეტაპზე მწერალი გრძნობს, რომ მისი პერსონაჟები დამოუკიდებლობას იძენენ.

ფოტო: Christopher DeLorenzo

მეორე მხრივ, არსებობს კონტრასტი, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა რეალურ ადამიანებს წარმოვისახავთ: ასეთ დროს ჩვენი წარმოდგენები იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდათ მათ, შეიძლება შედარდეს ამ ადამიანების რეალურ ქცევას. აი, გამოგონილ პერსონაჟებს კი, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ არაფიქციურ სამყაროში ისეთი ასლები, რომელთაც თვალსაჩინოდ მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხატვრულ გმირთა თვისებებს მუდმივად არ "ჩრდილავს" მათი რეალური ვერსიების თვისებები.

ეს თეორიები, შესაძლოა, გარკვეულწილად დაგვეხმაროს მოცემული ფენომენის ზოგად გააზრებაში. მიუხედავად ამისა, დღეს რაც უფრო მეტი მკვლევარი უღრმავდება ადამიანის ფიქრებსა და წარმოსახვას, უფრო რთული ხდება იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა დონეზე შეუძლია თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებზე კონტროლის მოპოვება და, ამასთან, რამდენადაა კონტროლის ჩვენეული განცდა ილუზიური.