სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს და სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდებს.

"ძალიან სამწუხარო ფაქტს აქვს ადგილი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2012 წელს და 2016 წლებში რელიგიური შუღლის ნიადაგზე არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რასაც სამართლიანი და ობიექტური გამოძიება არ მოჰყოლია და მთელ რიგ შემთხვევებში გამოძიებები შეწყდა კიდევაც.

რწმენა არის თავისუფალი და რწმენის თავისუფლება მოიცავს, ასევე, ყველა ადამიანის უფლებას ილოცონ და თავისუფლად აარჩიონ სალოცავი ადგილი, ხოლო სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას თითოეული მოქალაქის რწმენის თავისუფლება დაიცვას და ასევე, ქვეყანაში საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრება უზრუნველყონ, რათა რელიგიურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონდეს", — განაცხადა ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 12 იანვარს ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი სოფელში თავისუფლად ლოცვის უფლებას ითხოვენ.

EMC-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ინციდენტში 2 ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება — ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და სალოცავი სივრცის ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 12 იანვარს ბუკნარში ორ თანასოფლელს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.