ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარ მარიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება აჩენს ეჭვს, რომ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია.

ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, დავით ხიდაშელი გმირია, რადგან "ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც". გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ხიდაშელმა ჩამოიტანა ქვეყანაში კარტოგრაფიული რუკები, რომლის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წვერები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

"მისი გუშინდელი განცხადება ჩვენთვის იყო პირდაპირი სიგნალი, როგორც სასამართლოსთვის, ასევე პროკურატურისთვის და სახელმწიფოს სხვა უწყებებისთვის, რომ ეს საქმე მიიყვანონ ბოლომდე და აჩენს მის განცდასაც, რომ ამ საქმეზე განაჩენი გამოტანილია უკვე, დიდი ხნით ადრე", — განაცხადა ივერი მელაშვილის ინტერესების დამცველმა TV პირველთან საუბრისას.

მარიკაშვილის თქმით, ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ საქმე მის პირად კონტროლზეა.

"ბატონი ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ის, რომ ეს საქმე არის მის პირად კონტროლზე და მის პირად მიღწევად მიიჩნევს, რომ თითქოს ამ საქმის წამოწყებით და იმ კონკრეტულ რუკების ჩამოტანით რუსეთიდან მან მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ასე", — აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.