ააშენე სიცრუის იმპერია — ასე ჰქვია On.ge-ის ახალ ონლაინ თამაშს, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში უჩვენებს მოთამაშეს, როგორ მოქმედებენ ყალბი ამბების შემქმნელები ჩვენი გონებისა თუ ემოციების სამართავად.

ააშენე სიცრუის იმპერიის ინსპირაცია 2018 წელს გამოსული ცნობილი თამაში, Get Bad News-ია, რომლის შექმნაში კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები მონაწილეობდნენ. Get Bad News-ს "ყალბი ამბების ვაქცინასაც" უწოდებენ. 2019 წელს Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტად იმყოფებოდა ადამიანი დეზინფორმაციის ზემოქმედების რისკის ქვეშ, მით უფრო ეფექტური იყო ამ თამაშით მიღებული ცოდნა მისთვის.

ონლაინ თამაშები, სადაც "მტრის" როლს ირგებ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთ-ერთ მძლავრ იარაღად მიიჩნევა. როდესაც მოთამაშე მტრის სავარძელში ჯდება, სწავლობს და ეცნობა ტაქტიკებს, რომლითაც მის გონებაზე ნადირობენ, მას უმუშავდება ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა და კრიტიკული აზროვნება. მოთამაშემ უკვე იცის, რა ხერხებით ცდილობენ მასზე ზემოქმედებას და აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობასაც სხვა მომხმარებლების წინაშე.

ფოტო: imperia.On.ge

თამაშში შენ თავდაპირველად უბრალოდ გაბრაზებული ინტერნეტ-მომხმარებელი ხარ, რომელსაც სურს, თანამოაზრეები შემოიკრიბოს. სხვადასხვა კითხვაზე პასუხით თანდათან სწავლობ, რა გზას გადის ტროლი, რომ მოატყუოს საზოგადოება, იმოქმედოს ემოციებზე, ჩამოაგდოს შუღლი ადამიანების ჯგუფებს შორის, გაავრცელოს შეთქმულების თეორიები, მიითვისოს ვინაობა და ა.შ. ასევე აკვირდები, რაზე რეაგირებს და არ რეაგირებს საზოგადოება. ეს ცოდნა მომავალში დაგეხმარება სიცრუის ტექნიკის ამოცნობაში იმ სიტუაციებში, როცა დეზინფორმაციის სამიზნე თავად ხარ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თამაშში მოცემული სიტუაციები ქართულ კონტექსტზეა მორგებული და მაგალითებიც რეალისტურია. ხშირ შემთხვევაში ვხელმძღვანელობდით იმ ნარატივებით, რომელთა გადამოწმება-გაბათილებაზე საქართველოში არსებული ფაქტ-ჩექინგ ორგანიზაციები მუშაობენ.

თამაშის იდეისა და სცენარის ავტორია On.ge, დიზაინი კი Forset-ს ეკუთვნის. სიცრუის იმპერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტის მიზანი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე და მის შემდეგ საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის საფრთხის ჩვენება და მისგან დაცვა იყო.

2020 წლის 7 ოქტომბერს On.ge გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის (GDI) მიხედვით, ქართულ საინფორმაციო ვებსაიტებს შორის დეზინფორმაციის ყველაზე დაბალი რისკის მქონედ დასახელდა. დაარსების დღიდან, On.ge-ის მიზანი გადამოწმებული, ზუსტი, საინტერესო ინფორმაციის მკითხველისთვის მიწოდებაა. სიცრუის იმპერიის თამაშის შექმნით იმედი გვაქვს, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული საფრთხის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს წვლილს შევიტანთ.

სიცრუის იმპერიის აშენება და ტროლების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება imperia.On.ge-ზე შეგიძლია. თამაში უფასოა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.