ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ პირებს, რომელთაც ამნისტიის შესახებ კანონი შეეხოთ, მათი სრულყოფილი რესოციალიზაციის მიზნით, ადეკვატური დასაქმებისა და სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები შესთავაზოს.

"როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის ერთობლივი მუშაობით, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიწიოს, რომ ამნისტირებულ მოქალაქეებს ჰქონდეთ საზოგადოებაში ღირსეულად დაბრუნების ადეკვატური პირობები, რათა მათი სრულყოფილი რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია საფრთხის ქვეშ არ დადგეს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, EMC ამნისტიის შესახებ კანონს დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისთვის არასაკმარისი პირობები იყო შექმნილი.

"საწყის ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო სამოქალაქო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში. თუმცა, კანონპროექტის მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობი იყო, რა კონკრეტული შინაარსი ექნებოდა მას. ხოლო მესამე მოსმენით კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე სამოქალაქო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მხარეებს საერთოდ არ მიეცათ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა", — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული "სამწუხარო პრეცედენტს" წარმოადგენს კანონშემოქმედებითი საქმიანობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებში მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა.

EMC ამნისტიის შინაარსზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში და არც მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებში მკაფიოდ არ ჩანდა, თუ საიდან გამომდინარეობდა კანონის მიღების აუცილებლობა, ამიტომ მათი განცხადებით, ბუნდოვანია, რატომ დადგა აღნიშნული საკითხები დღის წესრიგში არჩევნების შემდეგ.

ორგანიზაციის პოზიციითვე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ პირველად ინიცირებულ რედაქციასთან შედარებით, ამნისტიის ფარგლები გაფართოვდა და დიდწილად მოიცვა ქონებრივი, ეკონომიკური და სხვა ისეთი ქმედებები, სადაც არ იკვეთება არაერთგზის, ორგანიზებული დანაშაულის, ოჯახური ძალადობის თუ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.

თუმცა EMC-ს განცხადებით, საბოლოოდ დამტკიცებულმა კანონმა სხვადასხვა ფორმით დაფარა ნარკოტიკის მოხმარებასთან და პირადი მოხმარების მიზნით მის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული ქმედებები, ამიტომ, მათი თქმით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამნისტიის კანონი ვერ ჩაითვლება არსებული მიდგომების სრულად დაბალანსებისთვის საკმარის მექანიზმად.

EMC-ის განცხადებითვე, ამნისტიის კანონი სპეციალურ ჰუმანურ მიდგომას ავლენს ქალების მიერ საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკურ საქმიანობასთან და ნარკოტიკთან დაკავშირებით ჩადენილ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ასევე, იმისთვის რომ აღნიშნულ დანაშაულებში მსჯავრდებულ ქალებს მოუხდელი საპატიმრო სასჯელი შეეცვალოთ შინაპატიმრობით, ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილის ყოლა.

"ბავშვთა ინტერესების აღიარება და მისი გათვალისწინება ამნისტიის პროცესში მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორია და მისასალმებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ბუნდოვანია, რა ლოგიკით მოხდა მსჯავრდებულთა დიფერენცირება. ბავშვთა ინტერესებისა და ოჯახის შიგნით ზრუნვის პრაქტიკაში ქალებსა და კაცებს შორის როლების თანასწორი გადანაწილების პრინციპის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწორი იქნებოდა, რომ ამ ნაწილში ამნისტიის ადრესატები ქალი და კაცი მსჯავრდებულები თანაბრად ყოფილიყვნენ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ქალ მსჯავრდადებულებთან ერთად, სასჯელი შინაპატიმრობით ეცვლებათ მათ, ვისაც სტუდენტის სტატუსი აქვთ. ამ შემთხვევაშიც, ჰუმანური მიდგომის ერთ-ერთი წინაპირობა სტატუსის შეუჩერებლობაა. EMC განცხადებით, ეს წინაპირობაც უსამართლობის წყარო შეიძლება გახდეს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ სტუდენტს შესაძლოა ობიექტური გარემოების გამო ჰქონდეს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული.