ბოლო კვლევების თანახმად, ბრაზილიის კლინიკურ ცდებში ჩინური ვაქცინა Sinovac-ის ეფექტურობამ 50,4 პროცენტი შეადგინა. როგორც BBC წერს, ეს მოსალოდნელზე ბევრად დაბალი მაჩვენებელია.

ბრაზილია კორონავირუსით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 8,1 მილიონ შემთხვევაზე მეტია გამოვლენილი.

ერთი კვირის წინ ბრაზილიურმა ინსტიტუტმა Butantan-მა, რომელიც ატარებდა ცდებს, განაცხადა, რომ Sinovac-ის ეფექტურობა 78 პროცენტია. თუმცა მეცნიერების კრიტიკის შემდეგ, რომ ინსტიტუტს შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა, Butantan-მა დააზუსტა, რომ პირველადი მონაცემებიდან ამოღებული იყო კორონავირუსის დაავადების "ძალიან მსუბუქი" ფორმები.

Sinovac-ის ვაქცინა დასავლეთის ქვეყნებში პოპულარული არაა. ამავე დროს, მისი 100 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს ბრაზილიას, მომლოდინეთა რიგში არია თურქეთი, ინდონეზია და სინგაპურიც.

როგორც BBC წერს, სხვადასხვა ქვეყანაში Sinovac-მა სხვადასხვა შედეგი აჩვენა. მაგალითად თურქმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ვაქცინის ეფექტურობა 91,25 პროცენტია, როცა ინდონეზიაში ამბობენ, რომ 65,3 პროცენტია. ორივე იყო ბოლო სტადიის შუალედური შედეგი.