ინტერპოლმა ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე 3 პირზე ძებნა გამოაცხადა და წითელი ცნობა გასცა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Aljazeera-მ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ძებნილთა შორისაა იგორ გრეჩუშკინი, ბორის პროკოშევი და ჟორჟი მორეირა. გრჩუშკინი რუსი ბიზნესმენი და იმ გემის მფლობელია, რომლითაც 2013 წელს ამონიუმის ნიტრატი ბეირუთში ჩაიტანეს. რაც შეეხება ასევე რუს პროკოშევს — გემის კაპიტანინია, ხოლო პორტუგალიელი მორეირა ის პირია, ვინც აღნიშნულიქიმიური ნივთიერება საქართველოში, რუსთავის აზოტის ქარხანაში შეიძინა.

მედიის ინფორმაციით, წითელი ცნობა, საერთაშორისო დაპატიმრების ორდერისგან განსხვავებით, არასავალდებულო მოთხოვნა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რათა მათ იპოვონ ძებნილი პიროვნება და დროებით დააპატიმრონ. ხშირად ეს ექსტრადიციას ითვალისწინებს.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში აფეთქება 4 აგვისტოს, ყოფილი პრემიერმინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული სასამართლო განხილვის წინ მოხდა.

აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ასეულობით კი დაშავდა. დაინგრა და დაზიანდა შენობები და საცხოვრებელი სახლები.

საქართველოს საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა, იქ 2013 წელს, ბათუმიდან მოხვდა. უწყებაში განმარტავენ, რომ გემი, რომელიც ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა), ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციამ დააკავა. საუბარია მოლდოვას დროშით მცურავ მშრალტვირთმზიდ Rhosus-ზე.