ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არ ჰქონდა იმის პრეტენზია, რომ გუნდში ბოლო სიტყვა მას ეთქმოდა.

"ძალიან ხშირად თანაგუნდელები პაექრობაში უკეთეს აზრს გამოთქვამდნენ, ვიდრე მე. ისე არ იყო, რომ მე ვამბობდი და ისინი აკეთებდნენ. ჩვენი თანამშრომლობა ასეთი იყო — აუცილებლად ყველას აზრს ვისმენდით და აუცილებლად ვაღწევდით კონსენსუსს. კონსენსუსს ვაღწევდით არა იმის საფუძველზე, რომ მე უფროსი ვიყავი გნებავთ ასაკით და მე მეკუთვნოდა ბოლო სიტყვა, არა. ჭეშმარიტებას ვხედავდით, ვისი აზრიც უკეთესი იყო, ის გამოითქმოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე საკმაოდ გამოცდილი და დიდი პრაქტიკა მქონდა და ძალიან ხშირად ჩემი აზრები ძვირფასი იყო, მისაღები, არ მაქვს ის პრეტენზია, რომ ბოლო სიტყვა ჩემია და მე მეთქმის", — განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკას ისევ ტოვებს. ის თვლის, რომ ჩემი მისია შესრულებულია. ივანიშვილის თქმით, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება

"მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა. ივანიშვილის საჯარო გააქტიურებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი თავმჯდომარეობის დროს დაწინაურდა და პრემიერმინისტრი გახდა გიორგი გახარია, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ე.წ. გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და რამდენიმე ადამიანმა თვალი ან მხედველობა დაკარგა.

ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური მეორედ მოსვლა ვიხილეთ, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ივანიშვილი არ ყოფილა საჯაროდ აქტიური. თუმცა მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ემოციური მიმართვით, სადაც "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს ითხოვდა.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა და არ შესრულდა, პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. როგორც შემდგომში მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას "პრინციპული დეპუტატები" აუმხედრდნენ. "პრინციპული დეპუტატების" ნაწილი ახლაც პარლამენტში, უკვე დაწინაურებულ პოზიციებს იკავებს.

პანდემიის პერიოდში ივანიშვილის გამოსვლები კიდევ უფრო შემცირდა. მისი საჯაროდ ხილვა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებზე, კანდიდატების წარდგენაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს და ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვიდეოში ცეკვა უადგილო იყო.