აშშ-მ კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში დააბრუნა. თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციამ ლათინური ამერიკის ეს ქვეყანა სიიდან 2015 წელს ამოიღო.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კუბა აგრძელებს საერთაშორისო ტერორიზმის დაფინანსებას და ტერორისტებს უსაფრთხო თავშესაფარს სთავაზობს. სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ჰავანა ათეულობით წლის განმავლობაში მფარველობდა დამნაშავეებს, მათ შორის კოლუმბიურ ეროვნული გათავისუფლების (ELN) არმიას. ეს უკანასკნელი აშშ-მ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ კუბამ უარი თქვა კოლუმბიისთვის გადაეცა ELN-ის წევრები მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფმა ბოგოტაში, პოლიციის აკადემიაში ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. 2019 წლის აფეთქების შედეგად 22 პირი გარდაიცვალა, ხოლო 87-ზე მეტი დაშავდა.

"აშშ განაგრძობს კუბელი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული მთავრობისკენ სწრაფვაში და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მათ შორის რელიგიის თავისუფლებასა და აზრის გამოხატვას", — აღნიშნა მაიკ პომპეომ.

კუბის სიაში შეყვანა საშუალება აძლევს აშშ-ს სანქციები დაუწესოს კონკრეტულ ქვეყნებსა და პირებს, რომლებიც ჰავანასთან რაიმე სახის ვაჭრობას ეწევიან. ამასთან, ეს ზღუდავს დახმარებას ვაშინგტონის მხრიდან, კრძალავს იარაღის ექსპორტს და ორმაგი დანიშნულების საქონელზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.