საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნა პრობლემური თემაა. მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს პატიმრობის მაჩვენებელი 3,8%-ით არის გაზრდილი, ეს კი სრულად ოჯახური დანაშაულით არის განპირობებული. შოთაძე ამბობს, რომ სხვა შემთხვევებში აღკვეთის ღონისძიებების სახით პატიმრობის მოთხოვნები 2020 წელს შემცირებულია.

"ოჯახურ დანაშაულებზე 2020 წელს 94%-ზე გვაქვს მოთხოვნილი პატიმრობა. ვფიქრობ, ეს პროცენტი მაღალია, პრობლემური თემა არის და ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, შემოსაღები არის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიებები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ერთის მხრივ შევამციროთ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი, ოღონდ ისე უნდა შემცირდეს, ისეთი აღკვეთის ღონისძიებები უნდა შემოვიღოთ, რომელიც რეციდივის აღკვეთას უზრუნველჰყოფს. იმას, რომ დაზარალებულის მიმართ უფრო მძიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი მას შემდეგ, რაც დაზარალებული მოძალადეს ძალადობაში ამხელს", — განაცხადა შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2020 წლის ანგარიშიწარდგენისას.

მისივე თქმით, პროკურატურა ამ საკითხზე მუშაობას პარლამენტთან მიმდინარე წელს გეგმავს.