ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა სურდა, უნდა შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც მისი ჩარევის გარეშეც სიცოცხლისუნარიანი იქნებოდა.

"ქართულ ოცნებაში არის ბევრი კარგი ლიდერი, თუმცა მე ვერ ვხედავ ვერცერთ ადამიანს, რომელიც დღეს ჩაანაცვლებდა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ეს ადამიანი უნდა სარგებლობდეს ძალიან დიდი ავტორიტეტით, მას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია და აგრეთვე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, რომელიც არცერთ მის პარტიის წევრს არ გააჩნია.ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა წასვლა, მაშინ უნდა შეექმნა ისეთი სისტემა, რომელიც იქნებოდა სიცოცხლისუნარიანი მისი ჩარევის გარეშე", — აცხადებს ქობულია.

მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ პრემიერმინისტრი მინისტრთა კაბინეტს ბოლომდე ვერ აკონტროლებს, არც პარტიის ახალ ხელმძღვანელს ექნება საკმარისი ლეგიტიმაცია პარტიის სიტუაციის გასაკონტროლებლად და ამიტომ, მაინც საჭირო გახდება ივანიშვილის ძლიერი ჩარევა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. პარტიის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დასახელდა.