ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ფაიზერის ვქცინა შესაძლოა იყოს პირველი რომელიც საქართველოში შემოვა.

"ფაიზერის ვაქცინა შეიძლება ის პირველი ვაქცინა გახდეს, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას ასტრაზენეკას ვაქცინა მოჰყვება. ეს ორია ყველაზე ახლოს რიგში, რომელიც შესაძლებელია კოვაქს პლატფორმის საშუალებით მივიღოთ. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ვაქცინებს, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული პერსპექტივა იმ კუთხით, რომ მარეგულირებელთა ავტორიზაცია მიიღონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამათაც განვიხილავთ", — ამბობს გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 16 დეკემბერს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ფაიზერის ვაქცინას მიიღებს, მისი შესანახი სპეციალური მაცივრები ქვეყანაში 40 ცალია და ნაწილიც შესყიდვის პროცესშია.

მან, ასევე, თქვა, რომ მოდერნას ვაქცინის შემთვევაში -20°C-ანი, შესაბამისი მაცივრები, მუნიციპალიტეტების დონემდე არის ქვეყანაში და მისი დანერგვა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.