გრავიტაცია სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური ბუნებრივი ფენომენია, რომელსაც მთელი სამყარო უჭირავს. ის პლანეტებს, გალაქტიკებს და ისეთი მასშტაბის სისტემებს ამოძრავებს, რაც ჩვენი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და გარდა ამისა, გრავიტაცია კანალიზაციის სული და გულია.

ინჟინრებისა და მეცნიერების ამოცანა მხოლოდ მასშტაბური პროექტებისა და თეორიების შემუშავება არაა. ყოველდღიური ცხოვრება (რა ფორმითაც მას დღეს ვიცნობთ) და თუნცად, ისეთი მარტივი რამ, როგორიც უნიტაზის ჩარეცხვაა დღეს შესაძლებელი რომაა, სწორედ მეცნიერების დიდი მონდომების შედეგია. ჩარეცხვაზე აქცენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ეს ამ სტატიის მთავარი საკითხია, არამედ იმიტომაც, რომ საკანალიზაციო სისტემის შემოღებამ ათობით და სავარაუდოდ, ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ მხრივ, კანალიზაცია ერთ-ერთი ისეთი გამოგონებაა, რომელმაც "თანამედროვე ცხოვრება" შესაძლებელი გახადა.

როგორ მუშაობს კანალიზაცია

ქალაქებში კანალიზაცია ცენტრალიზირებული სისტემის როლს თამაშობს, რომლის მიზანია, ჩვენი სახლებიდან ნარჩენები შეკრიბოს და გაანაწილოს. როცა ბანაობთ, კბილებს იხეხავთ ან კუჭში გადიხართ, ყველაფერი ეს მილების მეშვეობით კანალიზაციაში ჩაედინება.

კანალიზაცია ისეა მოწყობილი, რომ მასში აღმოჩენილი მასა დამატებითი ენერგიის გარეშე გადაადგილდეს. ამიტომ, საკანალიზაციო მილები, ძირითადად, გარკვეული კუთხით არის დახრილი, რათა ნარჩენები უბრალოდ "დინებას გაყვეს" და ამოტუმბვა არ დასჭირდეს. იდეალურ საკანალიზაციო სისტემაში, კანალიზაციის მოქმედებისთვის ენერგია საჭირო არ იქნებოდა. თუმცა, ცხადია იდეალური არაფერია. თუ სახლები დაბლობზე იმყოფება და საჭიროა, რომ ნარჩენებმა გრავიტაციის საწინააღმდეგოდ იმოძრაოს, მაშინ სპეციალური ტუმბოები გამოიყენება, რომელიც ამას შესაძლებელს ხდის.

ეს ტუმბოები საკანალიზაციო მილებზეა მორგებული, რომელიც "მშრალი ჭის" მეშვეობით ოპერირებს, რაც შედარებით უფრო მკვრივი ნარჩენების ამოტუმბვას განაპირობებს და მის გადამისამართებას. აღსანიშნავია, რომ კანალიზაციაში, ლპობის და ხრწნის შედეგად უამრავი, არც ისე სასარგებლო აირი გამოიყოფა, როგორიცაა მეთანი, გოგირდწყალბადები და სხვა ფეთქებადი აირები. ამიტომ, მსგავსი ჭები მოსახლეობისგან მოშორებით არის მოთავსებული.

იდეალურ შემთხვევაში, კანალიზაციიდან შეგროვებული ნარჩენები "ჩამდინარე წყლის სადგურზე" (waste water plant) იკრიბება, სადაც იფილტრება და მდინარეში, სპეციალურ ადგილებში ან საირიგაციო სისტემებში გადადის. იშვიათ შემთხვევებში კი ისევ სასმელ წყლად ბრუნდება. ნამიბია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც "კანალიზაციის წყალი" იფილტრება და შემდეგ ისევ სასმელ წყლად გამოიყენება. თუმცა, მსგავსი რამ ავსტრალიის ზოგ ქალაქშიც კეთდება. ზოგადად, კანალიზაციის წყლის გაფილტრვა ტექნიკური გადმოსახედიდან არც ისე რთულია. უბრალოდ, ადამიანებს ხშირად ძალიან არ მოწონთ იდეა, რომ მათი სასმელი წყალი ერთ დროს განავალს შეიცავდა. ამიტომ, მსგავსი ინიციატივები პოპულარობით არ გამოირჩევა.

2006 წელს გვალვებისგან დაღლილ ავსტრალიურ ქალაქში, ტუვუმბაში მსგავსი გადამუშავების სისტემის დანერგვა უნდოდათ. თუმცა, ადგილობრივი მთავრობის მცდელობები, მასშტაბური კამპანიის მიუხედავად, კრახით დასრულდა, როცა ადგილობრივ რეფერენდუმში, მოქალაქეების 62%-მა ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

რატომაა კარგი კანალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

ფოტო: Wikimedia Commons

ადამიანის ექსკრემენტები, ისევე როგორც შარდი, დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს. თუმცა, იმის გამო, რომ გადამუშავებელი პროდუქტები ბაქტერიებისთვის ძალიან მიმზიდველია, ექსკრემენტები სავსეა მიკროფაუნით და ფლორით, რომელიც ადამიანებისთვის საზიანოა. ამასთანავე, ფეკალური მასა დიდი რაოდენობით ვირუსებსაც შეიცავს.

მარტივად რომ ითქვას, ცუდი საკანალიზაციო სისტემები ხშირად მასობრივ ეპიდემიებს უკავშირდებოდა, იქნება ეს შავი ჭირი შუა საუკუნეებში თუ პოლიომიელითი. სანიტარული სტანდარტების ნაკლებობის გამო, დაავადებები ბევრად სწრაფად ვრცელდება. ინდოეთი ამის ექსტრემალური მაგალითია.

ინდოეთში დაახლოებით 1,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. 780 მილიონზე მეტ ინდოელს კი ტუალეტი (იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჩვენს უმეტესობას წარმოუდგენია) არ აქვს. 96 მილიონი ინდოელს კი სუფთა სასმელ წყალზე არ აქვს წვდომა. ეს ნაწილობრივ თამაშობდა როლს ქვეყნის "პოლიომიელითის დედაქალაქად" გამოცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყაბნამ პოლიომიელითი ათწლეულების წინ დაამარცხა, ინდოეთში 2009 წელს ამ დაავადების 762 შემთხევა იყო. WHO-ის მასობრივი კამპანიის შედეგად, ინდოეთმა პოლიომიელითი 2014 წელს დაამარცხა.

მიუხედავად ამისა, ელემენტარული სანიტაციის ნაკლებობის გამო, ინდოეთი სერიოზული პრობლემების წინაშეა. ვითარება უმჯობესდება, თუმცა არც ისე სწრაფად.

კანალიზაცია საქართველოში

ჩამდინარე წყლის გამფილტრავი სადგური საქართველოში

ჩამდინარე წყლის გამფილტრავი სადგური საქართველოში

საქართველოში წლებია, რაც ეკოლოგიური კატასტროფა მიმდინარეობს. 2003 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვნად გაიზარდა სათბური აირების ემისიები. აზოტის დიოქსიდის დონე 2008-2013 წლებში მაგალითად 120,59%-ით არის გაზრდილი. ჰაერის და გარემოს დაბინძურება სერიოზული პრობლემაა, რის გამოც, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით, საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა.

ქვეყნის აგრონომიული სექტორი მალე შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. სასოფლო სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულია. 2003 წლიდან მოყოლებული, გარემოს დაცვისთვის განკუთვნილი რეგულაციები პრაქტიკულად, მთლიანად მოიხსნა, თუმცა 2003 წლამდე მათ ყურადღებას პრაქტიკულად არავინ აქცევდა.

საქართველოში არ არსებობს ირიგაციის და ნიადაგის სანიტარული ნორმები, რომლებიც დაცულია. ამის გამო, ინდუსტრიულ ზონებში (ჭიათურა, ტყიბული, რუსთავი) დიდი ინდუსტრიული მეწარმეები ნარჩენებს ღია სივრცეებში ყრიან, შედეგად კი, მძიმე მეტალები მიწაში და ჰაერში თავისუფლდება, რასაც სერიოზული ზიანი მოაქვს ადგილობრივებისთვის.

ქვეყნის "საკანალიზაციო პოლიტიკა" მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქალაქეების მყისიერი კეთილდღეობისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც. იმის გათვალისწინებით, რომ სანიტარიულ სტანდარტებს ადამიანების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ნებისმიერი "საკანალიზაციო პოლიტიკა", საბოლოო ჯამში, ეკოლოგიური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

უკანასკნელი მონაცემებით (2013-2014 წლები) საქართველოში ურბანული მოსახლეობის 70% საკანალიზაციო სისტემასთან არის დაკავშირებული, თუმცა "ჩამდინარე წყლის" (კანალიზაციის წყლის) მხოლოდ 26% გადის რაიმე ტიპის გადამუშავებას.

იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს ეხება, ძალიან შეზღუდულია, პრაქტიკულად არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაა სანიტარიის მხრივ საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში. თბილისის, ბათუმის და ქუთაისის გარდა, საერთაშორისო ორგანოებს და საქართველოს მთავრობას არ აქვს წვდომა ოფიციალურ მონაცმებზე. სხვაგვარად რომ ითქვას, სად მიდის კანალიზაციის წყლის უმეტესობა, არავინ იცის.

მუნიციპალური ჩამდინარე წყალი, ძირითადად მდინარეებში, პრაქტიკულად, ყველანაირი გაფილტვრის გარეშე ჩაედინება. სხვაგვარად რომ ითქვას, საქართველოში, კანალიზაციის წყლის უმეტესობა პირდაპირ ღია მდინარეებში ჩადის. დაგეგმარებული კანალიზაცია მხოლოდ 41 ქალაქშია. უმეტესობა მათგანი თან საბჭოთა კავშირის დროს გაკეთდა. ამათგან უმეტესობა სრულად ფუნქციური არაა და სერიოზულ განახლებას საჭიროებს.

2006 წელს საქართველოში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიეკუთვნებოდა, მთლიანად გაუქმდა და მხოლოდ 2012 წელს აღდგა.

კანალიზაციის არც ისე სახარბიელო მდგომარეობა, ნაწილობრივ ცუდი "წყლის მენეჯმენტის" ამსახველია. 2014 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად, წყლის მარაგის 40-60% იკარგება. ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი ხშირად კუსტარულად ან კერძო სახსრებით გაკეთებულ ჭებს ეყრდნობა. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა წყალუხვია, სხვა შემთხვევაში, მსგავსი მდგომარეობა ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამანგრეველი იქნებოდა.

საინტერესო ისაა, რომ 2013 წლის მონაცემებით, ხელმისაწვდომი წყლის მოცულობის 35% (ჰიდროელექტროსადგურების გამოკლებით) ინდუსტრიულ საქმიანობაში დაიხარჯა. ინდუსტრიული ჩამდინარე წყლის 48% კი არ გაფილტრულა და ქვეყნის მდინარეებში ისე აღმოჩნდა.

მონაცემები გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ანგარიშიდან არის აღებული.

ეკონომიკური განვითარება ეკოლოგიის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია

ტყიბულის მაღაროს ნარჩენების ღია "ნაგავსაყრელი"

ტყიბულის მაღაროს ნარჩენების ღია "ნაგავსაყრელი"

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეკონომიკა სულ უფრო ეყრდნობა ფინანსურ სექტორებს და განვითარებული ქვეყნები უფრო მეტად "მაღალტექნოლოგიურ წარმოებას" ეყრდნობიან, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა, ეკოლოგიის გათვალისწინების გარეშე.

ბიზნესები იმაზე მეტად ეყრდნობიან ეკოლოგიას, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, ახალი კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური ეკონომიკური დამატებითი ღირებულების (ფინანსურ ტერმინოლოგიის გარჩევაში არ გადავალ, ეს დაახლოებით იგივეა რაც მოგება) 44 ტრილიონ დოლარზე მეტი ნაწილობრივ ან დიდწილად დამოკიდებულია ბიომრავალფეროვნებაზე, რომელიც დღითიდღე მცირდება. მსოფლიოს მშპ-ის თითქმის ნახევარი ნაწილობრივ, ან დიდწილად არის დამოკიდებული პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელიც ყოველწლიურად უარესდება.

ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემები კი მნიშვნელოვნად არის დამოკდიებული ურბანული აქტივობის სანიტარულ ნორმებზე. ზუსტად არავინ იცის, რამდენად გაუარესდა ეკოსისტემების მდგომარეობა საქართველოში იმის გამო, რომ კანალიზაციის წყალი ხშირად პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება. თუმცა, თანამედროვე საზოგადოებისთვის ისეთი საკრალური რამ, როგორიც კანალიზაციაა და მისი მდგომარეობა საქართველოში, კარგ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ თუ როგორ ეკიდება საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ბიზნესი ეკოლოგიას.

პოპულარული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ბიზნესებისთვის ეკოლოგიური სტანდარტების შემოღება მცირე ხარჯს და უზარმაზარ დამატებით მოგებას უკავშირდება. საქართველოს შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა "ეკოლოგიური ცნობიერების" ნაკლებობაა.