ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ელჩთან მან პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

"შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი", — განმარტა მინისტრმა.

საქართველო იმ ათეულობით ქვეყანას შორის არის, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას ელოდება. რამდენიმე ქვეყანაში მარეგულირებელმა ორგანოებმა არსებული ვაქცინები უკვე დაამტკიცეს და მოსახლეობის აცრაც დაიწყეს.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას იყენებენ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ის დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაც.

10 იანვარს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის — AstraZeneca და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება.

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ჩინური ვაქცინის შემოტანა საქართველოში ჯერ არ განიხილება, რადგან ის არაა აღიარებული არცერთი მკაცრი მარეგულირებლისა და WHO-ს მიერ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე Pfizer-ის, AstraZeneca-სა და Moderna-ს ვაქცინები განიხილება.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ვაქცინის 1,4 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.