ევროპული საქართველოს წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესული 4 ოპოზიციონერი იმაზე მეტად ქართული ოცნებაა, ვიდრე თავად "ოცნების" სიით გასული დეპუტატები.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ძალიან უტვინო მცდელობა, რომ ვითომ ოპოზიცია არის პარლამენტში, სინამდვილეში იმაზე მეტი ქართული ოცნება ეს 4 პიროვნებაა, ვიდრე ქართული ოცნების სიით გასული ადამიანები", — განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის სიით შესული 4 დეპუტატის ოპოზიციად წოდება არის ივანიშვილის "უსუსური და უტვინო მცდელობა".

პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები პატრიოტთა ალიანსის სიით მოიპოვეს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს. მისი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე არიან.

9 იანვარს პარტიის ყრილობაზე ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს. ასევე, დაამტკიცეს პარტიის წესედება და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს. პოლიტიკური საბჭო 8 წევრით განისაზღვრა.

სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ისინი შეეცდებიან ყველგან წესრიგი დაამაყრონ, სადაც ხელი მიუწვდებათ და ასევე იქნებიან კრიტიკულები სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

როგორც ზილფიმიანმა ყრილობის დაწყების წინ განაცხადა, დღეიდან პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება.

4 იანვარს პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს — პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაც შეეხება სიის მეოთხე ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს მან მანდატზე უარი არ თქვა და პარლამენტში შევიდა. პატრიოტთა ალიანსის ის დეპუტატები კი, რომელთაც უარი თქვეს მანდატებზე, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ჩაანაცვლეს.

როგორც ფრიდონ ინჯიამ შემდეგ განმარტა, პარლამენტში შესვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ "ოპონირება" გაეწიათ ქართული ოცნებისთვის. დეპუტატმა მაშინვე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან ერთად ისინი პატრიოტთა ალიანსს ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ პარტიას ევროპელ სოციალისტებს წარადგენენ.

იმის გამო, რომ პატრიოტთა ალიანსი შეფასებულია, როგორც პრორუსული იდეების მატარებელ ორგანიზაციად, არაერთი კითხვა დაისვა მისი აწ უკვე ყოფილი წევრების საგარეო კურსის ხედვებზე. ზილფმიანი აღნიშნავდა, რომ პროდასავლურობაზე მასთან შეჯიბრი არ მოეწყოთ და თავის ბიოგრაფიაზე მიანიშნებდა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის "რუსული შემადგენელი" არ შესულა. 5 იანვარს ქართულმა ოცნებამ უცხოელ პარტნიორებს საინფორმაციო ბიულეტენიც გაუგზავნა, სადაც განმარტავდა, რომ პარლამენტში პროევროპული პარტია შევიდა.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.