13 წლის შემდეგ მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია იმედზე ბრუნდება. ბოლოს ის პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი იყო.

როგორც ანიკაშვილმა On.ge-ს დაუდასტურა, ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს.

"ჯერჯერობით ფორმატთან დაკავშირებით დეტალებს ვერ გეუბნებით, რადგან ახლა მიმდინარეობს საბოლოო ჩამოყალიბება", — აღნიშნა მან.

მაგდა ანიკაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა მეცხრე არხსა და რუსთავი 2-ზე. 2006-2008 წლებში ტელეკომპანია იმედზე მას მიჰყავდა გადაცემები ქრონიკა და ღია ეთერი. არხი მან 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც პარტია გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატებში გაერთიანდა. მაგდა ანიკაშვილი 2008 წელს პარლამენტის მე-7 მოწვევის დეპუტატი იყო.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ანიკაშვილი ჟურნალისტიკას დაუბრუნდა, რის შემდეგაც საჯარო სექტორში გადაინაცვლა.