მოსკოვში დაიწყო სამმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს შორს.

როგორც კრემლის საიტზეა აღნიშნული, სამი ქვეყნის ლიდერები მთიანი ყარაბაღის შეთანხმების რეალიზაციის პროცესს განიხილავენ და სამომავლო გეგმებსაც დასახავენ, მათ შორის დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.

"დღეს კმაყოფილებით შეიძლება ითქვას, რომ სამმხრივი შეთანხმებები თანდათანობით რეალიზდება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქმნის აუცილებელ წინაპირობას სამართლიან საფუძველზე კონფლიქტის გრძელვადიანი და სრულმასშტაბიანი დარეგულირებისთვის როგოც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით", — განაცხადა შეხვედრაზე პუტინმა.

ფოტო: კრემლი

ფოტო: კრემლი

როგორც მან განმარტა, ლაჩინის დერეფანში რუს მშვიდობისმყოფელებს 23 პუნქტი აქვთ, დამატებით ოთხი პუნქტი დერეფანში უსაფრთხო გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. პუტინის თქმითვე, 14 ნოემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში 48 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებები განაახლეს და პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშალებდნენ. 40-დღიანი შეტაკებების შემდეგ, 9-10 ნოემბერს, გვიან ღამით, მოულოდნელად, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

სომხეთისთვის ომის არასახარბიელოდ დასრულებამ ერთ დროს მოსახლეობისგან მხარდაჭერილი პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და აქტივისტები მის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.