ბაგრატის ტაძარში წყალი ისევ ჩადის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"მოვინახულე ბაგრატის ტაძარი. ძვირადღირებული სპილენძის გადახურვის მიუხედავად, რომელიც წესით წყლის შეკავების მყარი გარანტია უნდა იყოს, რადიკალურად სხვა ვითარება მივიღეთ. 9 წლის წინ გადახურულ ტაძარში ჩემდა სამწუხაროდ, წყლის ჩადინების ძალზე ბევრი კერა გაჩნდა. წელს დავიწყებთ კვლევას და გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვას", — წერს ანთიძე სოციალურ ქსელში.

ეს ბაგრატის ტაძარში წყლის ჩასვლის პირველი შემთხვევა არ არის. ძეგლს 2017 წელსაც აწვიმდა. გუმბათის თითქმის ყველა სარკმელზე გაჩენილი ღიობიდან ჩასული წყალი კედლებს აზიანებდა.

ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო, რომელიც 2012 წელს დასრულდა. ძეგლზე ჩატარებული არასწორი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო.