სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუარესებულია.

დღეს, 19 მაისს, სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს უმნიშვნელოდ შემცირდა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირთა რაოდენობა და სხეულის დაზიანების 916 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა. ასევე შემცირებულია პოლიციის მიმართ პრეტენზიით მიმართვის შემთხვევები.

ფოტო: შსს-ს სტატისტიკა

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევებზე დაყრდნობით, მდგომარეობა გაუარესებულია.

ომბუდსმენის მიერ მოპოვებული მონაცემებით, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილი სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა გაიზარდა.

სპეციალურმა პრევენციული ჯგუფის მონიტორინგმა დაადასტურა წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკები:

"უმეტეს შემთხვევებში, განმცხადებელთა ახსნა-განმარტებებში იკვეთება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის პოლიციის თანამშრომელთა წინასწარი, მიზანმიმართული მზადება და მისი განხორციელება, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, რაც წამების დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია".

ომბუდსმენი აღნიშნავს იმასაც, რომ სხეულის დაზიანებების გამო, რამდენიმე მათგანი სამოქალაქო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახალხო დამცველი ისეთ შემთხვევებზეც მიუთითებს, როდესაც დროებითი შესახლების იზოლატორში შეყვანამდე, დაკავებულებმა ღამე პოლიციის სამმართველოში გაატარეს.

"დაკავებული პირების პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა, შესწავლილ შემთხვევებში, 5 საათიდან 23 საათამდე მერყეობს. ამასთან, დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ფაქტობრივი დრო არ ემთხვევა განმცხადებლის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის დასახელებულ დროს".

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს, მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილი 11 წინადადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით. აღნიშნულ საქმეებზე კი, ომბუდსმენის წინადადებებში მითითებული გარემოებები წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს შეიცავდა.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, პოლიციის სამმართველოებთან დაუყოვნებლივ უნდა დამონტაჟდეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა:

"მნიშვნელოვანია, რომ სამხრე ვიდეოკამერებით და მანქანის ვიდეო რეგისტრატორებით აღიჭურვონ არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, არამედ დეტექტივ-გამომძიებლები და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებიც".