პოპკულტურაში საკულტო სერიალად აღიარებული სექსი დიდ ქალაქში ეკრანებზე ბრუნდება!

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამერიკული სტრიმინგ სერვისი HBO Max ყველასთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟების შესახებ ახალი ისტორიის შექმნაზე მუშაობს. ახალ სეზონში მთავარ როლებს სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი შეასრულებენ. სამწუხაროდ, ამ ერთგვარ გაგრძელებაში ვერ ვიხილავთ კიმ კეტრელს, რომელიც სამანტა ჯონსის როლს ასრულებდა.

ახალი სეზონი ახალი თავი იქნება მილიონობით მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟების ისტორიაში და მისი სახელწოდება And Just Like That… (და სწორედ აი, ასე...) იქნება. სიუჟეტი თანამედროვე დროში, კვლავ ნიუ-იორკში განვითარდება და 50 წელს გადაცილებული კერი ბრედშოუს, შარლოტ იორკისა და მირანდა ჰობის მეგობრობისა და სიყვარულის თავგადასავლებზე მოგვითხრობს.

სეზონში სულ ათი სერია შევა და თითოეულის ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება.

ამის შესახებ პირველად ინფორმაცია მედიაში 2020 წლის მიწურულს, დეკემბერში გავრცელდა, სულ ახლახან კი მსახიობებმა სოციალური ქსელების პირად ანგარიშზე გამოქვეყნებული ვიდეოებით ოფიციალურად დაადასტურეს, რომ "ისტორია გრძელდება", როგორც ამას ვიდეოს ბოლოს ვკითხულობთ.

სერიალი სექსი დიდ ქალაქში დარენ სტარმა ქენდის ბუშნელის ამავე სახელწოდების მქონე წიგნის მიხედვით 1998 წელს გადაიღო და მაყურებელმა მისი სულ ექვსი სეზონი იხილა. მოგვიანებით ორი ფილმიც გამოვიდა, მათ შორის ბოლო 2010 წელს.

როგორც სერიალში, ისე ფილმებში, მთავარ როლებს სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი, კრისტინ დევისი და კიმ კეტრელი ასრულებენ. თუმცა, ეს ერთი შეხედვით განუყრელი პარტნიორები თავიანთი გმირების მომავლის შესახებ ერთ აზრზე არ არიან: ჯერ კიდევ 2017 წელს კეტრელმა განაცხადა, რომ მას სამანტა ჯონსის როლის შესრულება აღარ სურდა.

მეტიც, მან ისიც თქვა, რომ სერიალის სხვა მსახიობებთან ერთად არასდროს მეგობრობდა. ამის შემდეგ კი სარა ჯესიკა პარკერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ განცხადებამ მას გული გაუტეხა.

მთელი ეს დავიდარაბა მესამე ფილმის შესაძლო გადაღების იდეას მოყვა, რომელიც განუხორციელებელი დარჩა, თუმცა ამ ახალ სერიალში მონაწილეობაზე თანხმობაც კვლავ მხოლოდ სარა ჯესიკა პარკერმა, სინტია ნიქსონმა და კრისტინ დევისმა განაცხადეს.

ახალი სეზონის გადაღებები 2021 წლის გაზაფხულზე იწყება, შესაბამისად, დიდია შანსი, რომ წლის ბოლომდე შევძლოთ ისტორიის გაგრძელების ხილვა და საინტერესოა, როგორი იქნება ის სამანტას გარეშე.

ფოტო: HBO