11 იანვარს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. როგორც კრემლის ვებგვერდზეა აღნიშნული, შეხვედრა პუტინის ინიციატივაა.

მოსკოვში მთიან ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებით შესრულებული სამუშაოების განხილვა იგეგმება. ასევე, განისაზღვრება სამომავლო ნაბიჯებიც. კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ მოსახლეობას დაეთმობა. გარდა ამისა, პუტინი ინდივიდულურადაც შეხვდება ფაშინიანსა და ალიევს.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებები განაახლეს და პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშალებდნენ. 40-დღიანი შეტაკებების შემდეგ, 9-10 ნოემბერს, გვიან ღამით, მოულოდნელად, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

სომხეთისთვის ომის არასახარბიელოდ დასრულებამ ერთ დროს მოსახლეობისგან მხარდაჭერილი პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და აქტივისტები მის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.