ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა (ICC) და პროკურორ ფატუ ბენსუდას კორუმპირებულობაში, პოლიტიზებასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი, ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს საკუთარ ავტორიტეტს, ჩართულია კორუფციულ ქმედებებში პირადი სარგებლის მიღების მიზნით და მილიონები გაფლანგა ამერიკელი პერსონალის განზრახ დევნაში", — წერს პომპეო ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომში სამხედრო დანაშაულს. იგი საქართველოში არაერთხელ იყო ჩამოსული.

ერთი წლის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ავღანეთში აშშ-სა და სხვა ქვეყნების სავარაუდო სამხედრო დანაშაულის გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, სასამართლოს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელი სამხედროები საიდუმლო ადგილებში, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამსახური ხელმძღვანელობდა, წამების მეთოდებს იყენებდნენ.

2020 წლის ივნისში, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომელიც საშუალებას იძლევა ICC-ს თანამშრომლებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალოთ, ასევე, მათი ანგარიშები გაიყინოს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეუზღუდა ვიზების გაცემა იმ პირებზე, რომლებიც ავღანეთის გამოძიებაში მონაწილეობდნენ.

ICC-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული სანქციები უპრეცენდენტოა და თავის მხრივ წარმოადგენს სერიოზულ თავდასხმას სასამართლოზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემასა და, ზოგადად, კანონის უზენაესობაზე.

აშშ ჰააგაში დაფუძნებულ სისხლის სამართლის სასამართლოს დაფუძნებისთანავე აკრიტიკებდა და ერთ-ერთია იმ ათეულობით ქვეყანას შორის, რომელიც მისი ხელმომწერი არაა.