აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიკსის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს NATO-ს მოკავშირეებზე, მათ შორის საქართველოზე. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"ჩვენ წინ აღვუდგებით, ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებს და დემოკრატიებს მთელ ევროპაში. ამიტომ, არ ვაპირებთ პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც ხდება უკრაინაში, ყირიმში. ჩვენს მოკავშირეებს გვერდში დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით", — აღნიშნა კონგრესმენმა.

გარდა ამისა, გრეგორი მიკსმა საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქართველმა კოლეგებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ სამომავლოდ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფაზე.

"ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იყოს უზრუნველყოფილი, იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს", — განაცხადა მიკსმა.

ამასთან, მან ქართველ ხალს ერთად დადგომისკენ მოუწოდა, რათა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყოფილი იყოს.