ოკუპირებული გაგრადან მოსახლეობა და ადგილობრივი მედია ძლიერი ხანძრის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეობს ავრცელებს. დე ფაქტო მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ტელეგრამ არხი რესპუბლიკა წერს, რომ ამჟამად რაიონში წვიმს.

არ აღიარებული მთავრობის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, გასული ღამის განმავლობაში განსაკუთრებულად საშიში კერების ლიკვიდაცია მოახდინეს, რაც საფრთხეს პირდაპირ დასახლებულ პუნქტებს უქმნიდა.

ქართულმა მხარემ აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ხანძრის ქრობის პროცესში დახმარება არაერთხელ შესთავაზა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, დე ფაქტო მთავრობასთან რეგულარულ, ინტენსიურ კომუნიკაციაზე არიან.

ე.წ. რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ტყეების ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს დახმარება არ სჭირდებათ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრები 4 იანვრიდან მძვინვარებს. თავდაპირველად ცეცხლი გალის რაიონის ე.წ. დაბალი ზონის სოფლებში გაჩნდა. ხანძრის კერები იყო გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონშიც.