თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებული PCR ტესტები კორონავირუსის ახალ შტამს იჭერს და წინასწარი მონაცემებით, ვაქცინა ახალ შტამზეც მოქმედებს.

"[ახალი შტამი] უფრო იოლად გადადის ავადმყოფიდან ჯანმრთელ ადამიანზე. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამ შტამით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი გაიზარდოს. საბედნიეროდ, სხვა მხრივ, ჯერჯერობით, რაიმე მეტი მავნებლობა ახალი შტამისგან დადასტურებული არ არის. იყო საუბარი, რომ ახალი შტამი ბავშვებსა და ახალგაზრდებში მეტად ხშირია და უფრო მძიმედ მიდის. უფრო ხშირი შეიძლება არის, მაგრამ უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს", — განაცხადა ცერცვაძემ პირველ არხთან.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ახალი შტამით გამოწვეული დაავადება უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს და არც მეტ სიკვდილიანობას იწვევს.

"ჯერ ბოლომდე ეს ცნობილი არ არის, მაგრამ ითვლება, რომ ის პირები, რომელთაც ძველი შტამის მიმართ იმუნიტეტი აქვთ, ეს იმუნიტეტი ახალი შტამის მიმართაც გამოადგებათ", — ამბობს ცერცვაძე.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ კორონავირუსის შემთხვევათა გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, მაგრამ, ამბობს, რომ რეგულაციები უნდა დარჩეს.