საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა გურიის სოფელ მამათში. მათი ცნობით, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის, ხოლო ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები არიან მობილიზებულნი.

მათივე თქმით, მეხანძრე-მაშველებმა დღეს ტყისა და მინდვრის ხანძრის 5 კერის ლიკვიდაცია შეძლეს. კერძოდ, ხანძრები ლიკვიდირებულია:

  • იმერეთში — საჩხერესა და სოფელ ვაკისაში;
  • შიდა ქართლში — რკონის ხეობაში;
  • სამეგრელოში — მარტვილში, წალენჯიხაში, სოფელ ბალდასა და სქურში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ერთი კერაა დარჩენილი სოფელ დობერაზენში, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე თქმით, ყველა ლიკვიდირებულ კერაზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დარჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ.

"დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის", — აცხადებენ უწყებაში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება ხანძრის გავრცელება, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე გამოიწვიოს.