პარლამენტის დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას თქმით, რომელმაც პატრიოტთა ალიანსი დატოვა, აცხადებს, რომ ევროპელი სოციალისტები საკანონმდებლო ორგანოში პირველი ოპოზიციური პარტიაა.

"მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ვართ. სხვათა შორის, შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც ნაცმოძრაობას ევროპული საქართველო გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ", — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

4 იანვარს პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს — პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაც შეეხება სიის მეოთხე ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს მან მანდატზე უარი არ თქვა და პარლამენტში შევიდა. პატრიოტთა ალიანსის ის დეპუტატები კი, რომელთაც უარი თქვეს მანდატებზე, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ჩაანაცვლეს.

როგორც ფრიდონ ინჯიამ შემდეგ განმარტა, პარლამენტში შესვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ "ოპონირება" გაეწიათ ქართული ოცნებისთვის. დეპუტატმა მაშინვე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან ერთად ისინი პატრიოტთა ალიანსს ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ პარტიას ევროპელ სოციალისტებს წარადგენენ.

ამ წუთებში მიმდინარეობს ახალი პარტიის დაარსების ყრილობა, რომელსაც ზემოთ ხსენებული დეპუტატები ქმნიან.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.