საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ პატრიარქ ილია მეორისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. მათივე განცხადებით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

საპატრიარქოში დილიდან ეპიდკვლევა მიმდინარეობს. გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტი, საჭიროებისამებრ, ყველას ჩაუტარდება.

"აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს მუდმივად უტარდებათ. რაც შეეხება სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. ის თავს კარგად გრძნობს", — აცხადებენ საპატრიარქოში.

ილია მეორის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი, 8 იანვარს, დაუდასტურდა.

4 იანვარს, თეთრუაშვილი საპატრიარქოში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ილია მეორეს სიახლოვეს მოძრავი შორენა თეთრუაშვილიც ჩანს. ღონისძიებას სტუმრები და მღვდელმთავრები ესწრებოდნენ. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.