ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობების თანახმად, ნაწარმოები 2016 წელს უნდა იყოს გამოქვეყნებული. გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით, 10 000 ლარით დაჯილდოვდება. შეზღუდვა არ მოქმედებს წარდგენილი ნამუშევრების რაოდენობაზეც. თუ წლის განმავლობაში რამდენიმე რომანია გამოცემული, ავტორს ყველა მათგანის წარდგენა შეუძლია კონკურსში.

ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე შვიდწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის ჟანრის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის.

პრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა.

2010 წელს პრემია აკა მორჩილაძემ მიიღო რომანისათვის მამლუქი

2011 წელს - ზაზა ბურჭულაძემ რომანისათვის გასაბერი ანგელოზი

2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია ორ მწერალზე გადანაწილდა:

ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი ვინ მოკლა ჩაიკა

და ჯაბა ზარქუას რომანი მკითხველი უნდა მოკვდეს

შარშან ილიაუნის პრემია გადაეცა ნანა ექვთიმიშვილს რომანისათვის მსხლების მინდორი.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • რომანი პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წელს.
  • წიგნი უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან ავტორმა. ჯილდო გადაეცემა ავტორს.
  • განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2017 წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი.
  • გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია 10 000 ლარის ოდენობით.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული 2017 წლის მაისში გამოვლინდება.