დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის მესამე ვაქცინა — Moderna დაამტკიცა. ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო, ხოლო დეკემბრის ბოლოს Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მოხმარება დასაშვებად სცნო.

როგორც BBC წერს, ქვეყანამ უკვე შეუკვეთა Moderna-ს ვაქცინის 17 მილიონი დოზა. საერთო ჯამში კი ბრიტანეთს კრონავირუსის საწინააღმდეგოდ 367 მილიონი დოზა აქვს შეძენილი. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა 1,5 მილიონმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.

"ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ამბავი და იარაღია ჩვენს არსენალში, რათა დავიმორჩილოთ ეს ვერაგი დაავადება", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა Moderna-ს ვაქცინის დამტკიცების შემდეგ.

ვაქცინას პირველ რიგში მიიღებენ რისკჯგუფები, რაც დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 30 მილიონ ადამიანს მოიცავს. პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონის თქმით, მათი მიზანია, რომ თებერვლის შუა რიცხვებისთვის უკვე 15 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი, მათ შორის მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები, სამედიცინო პერსონალი და 70-ზე წელს გადაცილებული კლინიკურად მოწყვლადი პირები.

Moderna-მ COVID-19-ის ვაქცინის ეფექტიანობა 30 000 ადამიანზე შეამოწმა და განაცხადა, რომ ვაქცინა ეფექტიანია 94,1% შემთხვევაში. კვლევის საბოლოო შედეგის მიხედვით, ამ ვაქცინას დაავადების მძიმე ფორმების წინააღმდეგ 100%-იანი ეფექტიანობა აქვს.