"რა გატირებს, კაცი არ ხარ?" — ეს ფრაზა და მისი ათასნაირი სახეცვლილება ყველას მოგვისმენია. იგი მუდმივად დასდევს კომენტარად ბიჭების ცრემლებს, რომლებიც სოციუმის თვალსაწიერს მიღმა, გულში საკმარისად ღრმად ვერ ჩაიმალნენ. კომენტარის ავტორი ზოგჯერ მშობელია, ზოგჯერ მასწავლებელი, თუმცა ყველაზე ხშირად — თავად მტირალის ქვეცნობიერი.

თანამედროვე პატრიარქალური კულტურის მარწუხებში მოქცეული მაშინვე სწავლობს "ემოციების მართვას" და იმას, რომ ბიჭად დაბადებულს ტირილი არ შეშვენის. იგი იზრდება და ცრემლების შეკავებაში უფრო და უფრო გაწაფული ხდება; ყველანაირ გულის ამაჩუყებელ პირად ურთიერთობას, ფილმსა თუ ნაწარმოებს, რომელიც ცხოვრების გზაზე ხვდება, წარბშეუხრელად, ყინულმჭრელივით აპობს და უკან იტოვებს. შედეგად, დაგროვილი სტრესის ჰორმონებით მიღებულ დაძაბულობას ვერსად მუხტავს, მაგრამ ეს ყველაფერი დემონსტრირებული მასკულინობით მიღებულ სოციალურ სტატუსად მაინც უღირს. შეკავებული სევდა ახლა სამუდამო ღვარძლადაა მასში გამჯდარი და შიგნიდან ჭამს. ზოგჯერ ეს ღვარძლი ცოლ-შვილზე და ახლობლებზე გადმოინთხევა. შემდეგ კი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზე, კიდევ ერთხელ დაიმკვიდროს კაცად ადგილი პატრიარქალურ კულტურაში.

ფოტო: JooHee Yoon

მსგავს გარემოში ცხოვრებით გვექმნება შთაბეჭდილება, რომ კაცის ქცევის კოდექსი, რომელსაც კონსერვატორები ასე გულმოდგინედ გვთავაზობენ, ყოველთვის არსებობდა და ეს ბუნებრივი ნორმაა. მსგავსი მტკიცება, ძირითადად, ისტორიის არასწორი ინტერპრეტაციითაა განპირობებული, რაც უფრო მეტ ბერკეტს აძლევს სკოლის კონსერვატორ მასწავლებელს თუ ვინმე სხვა ავტორიტეტს, ახალწარმოქმნილი, მავნე შეხედულება ტრადიციად გაასაღოს და ამით პატრიარქალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჩაგვრის ფორმები განამტკიცოს.

დღეს, გენდერული როლებისა და ნორმების გადაფასებასთან ერთად, მანამდე "არამამაკაცურად" მიჩნეული ქმედებები ნაკლებად ტაბუირებული ხდება. კაცის ტირილი, რომელიც გასულ საუკუნეს ლამის უნივერსალურად გაკიცხული იყო, უფრო და უფრო მისაღებად იქცევა საზოგადოებისთვის.

თუმცა ბევრი იმათგანიც კი, ვინც კაცების ცრემლებისთვის იბრძვის და მავნე, ტოქსიკური ღირებულებების მოშორებას ცდილობს, თვლის, რომ ახალ ნორმას ქმნის. ისინი მცდარად მიიჩნევენ, რომ კაცმა პირველად ოცდამეერთე საუკუნეში შემოაბიჯა ეპოქაში, რომელშიც შეუძლია, თავისუფლად, ჯანსაღად გამოხატოს თავისი სევდა თუ ბედნიერება და არ უარყოს თავისი "ფემინური სენტიმენტალიზმი". მსგავსი მოსაზრება იმ არგუმენტს აძლიერებს, რომლის თანახმადაც, კაცი არ უნდა ტიროდეს, რადგან ეს არაბუნებრივია — ის ხომ წარსულში არასოდეს ტიროდა.

სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარადაა: ტირილის სიხშირეზე დამყარებული გენდერული დაყოფა დასავლურ კულტურაში შედარებით ახალი ფენომენია. კაცის ტირილი წარსულში არათუ არავის უკვირდა, იგი ჯანსაღი ადამიანის ჯანსაღი ემოციების გამოხატულებასაც კი წარმოადგენდა. არაფერი იყო სასირცხვილო იმაში, თუ კაცი საჯაროდ გამოაჩენდა ცრემლებს — იქნებოდა ის დაღუპული თანამებრძოლისთვის დაღვრილი თუ მიუწვდომელი სიყვარულისთვის.

ასეთი ეპოქა, კაცის "ქალური" ემოციების მიმღები პერიოდი, რაინდული შუა საუკუნეები იყო.

ბნელი ხანის სახელით მოხსენიებულმა ეპოქამ ბევრი არცთუ ისე ბნელი წერილობითი ძეგლი გვაჩუქა და, ამასთან, ერთი უცნაური ტენდენციაც გამოკვეთა ლიტერატურაში, რომელიც ომებისა და სისხლიანი დაპირისპირებების ფონზე იწერებოდა. შუა საუკუნეების პოემებში კაცები — გმირები, რომლებიც მასკულინობის იდეალს უნდა განასახიერებდნენ, მისაბაძს გლეხებისთვის, დიდებულებისთვისა და თავად მეფეებისთვისაც კი — უეცრად მუხლებზე ემხობიან და მოთქვამენ.

როლანდის სიკვდილი

ფოტო: Jean Fouquet / Public Domain

აი, მაგალითად, მე-12 საუკუნის ფრანგი ქალი პოეტის, მარი ფრანგის პოემა მილუნში მთავარი გმირი, მილუნი, საბრძოლო ნიჭით განთქმული დაუმარცხებელი რაინდი, დიდი ხნის უნახავი შვილის პოვნისას ქვითინს იწყებს. პოემის სიუჟეტის თანახმად, მილუნის უკანონო შვილი, რომელიც მამის გარეშე იზრდება, ძლევამოსილ რაინდად იქცევა. მთელ სამეფოში სახელგანთქმული ორი მეომარი რაინდთა ასპარეზობაში თავიანთი მამაშვილური კავშირის უცოდინრად შეერკინება ერთმანეთს. როცა გამარჯვებული ახალგაზრდა პატივის მისაგებად ასაკოვან მეომართან მივა, მილუნი მის ხელზე თავის ძველ ბეჭედს ამოიცნობს და ყველაფერს მიხვდება. ამ დროს ორი უძლიერესი მეომარი, ერთმანეთის ნახვით გულაჩუყებული, ტირილს იწყებს.

აუცილებელია ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ აქ ვსაუბრობთ რაინდებზე, შუა საუკუნეების საზოგადოების სამხედრო ფენის უმაღლეს კლასზე, რომელიც დღესაც კი ბევრისთვის კაცობის იდეალს წარმოადგენს. როგორ არის ეს შესაძლებელი? რატომ მოთქვამს წმინდა "მასკულინური" როლის მქონე ადამიანი? რაინდები უზრუნველყოფენ სახელმწიფოებრიობას, მათ ეყრდნობიან მეფეები; სწორედ ისინი, თავიანთი სიმამაცისა და შეუდრეკელობის ხარჯზე, წარმოადგენენ პრესტიჟულობის ზენიტს შუა საუკუნეებში — და ისინი, ამასთან, ტირიან.

მარი ფრანგის პოემა ერთადერთი მხატვრული ნაწარმოები ნამდვილად არაა, რომელშიც მტირალ კაც გმირს ვხვდებით. მე-8 საუკუნის ანგლოსაქსური პოემა, ბეოვულფი მეფის დაკრძალვით იწყება და მეფის დაკრძალვით მთავრდება. ორივე ცერემონიას თან ახლავს მგლოვიარე მეომრების ჯგუფი. მეორე დაკრძალვისას თავად ბეოვულფს, პოემის გმირს ასაფლავებენ. ამ ნაწარმოებში ხშირად ვხვდებით სცენებს, სადაც მეფის თუ მეომრების ტირილია აღწერილი, თუმცა პოემა ემოციურობის მწვერვალს დასასრულისკენ აღწევს. ბეოვულფი გველეშაპთან ბრძოლას ეწირება — ის გველეშაპს კი კლავს, მაგრამ მიღებული ჭრილობებით იღუპება. მისი თანამებრძოლები — თავიანთი მეფის სიკვდილის ხილვით თვალაცრემლიანებულები, მწუხარებით გულგატეხილები და განადგურებულები — გოდებას იწყებენ, რომელიც ზეცამდე აღწევს.

ბეოვულფის სიკვდილი.

ფოტო: George Timothy Tobin / Putnam

მართალია, პოემებით გადმოცემული ამბები ისტორიულ ფაქტებს არ წარმოადგენენ და ისინი, უბრალოდ, სხვადასხვა მწერლის წარმოსახვის ნაყოფნი არიან, თუმცა ის გარემოება, რომ პოეტებს მსგავსი სცენები წარმოუდგებოდათ გონებაში, თავისთავად ბევრზე მეტყველებს. ხელოვნება და ლიტერატურა ერთგვარი ანარეკლია საზოგადოების ღირებულებების. სწორედ ეს აქცევს ილიადას, ვეფხისტყაოსანს, გილგამეშის ეპოსს უძვირფასეს მემკვიდრეობად კაცობრიობისთვის. ამგვარად, ტექსტები ცარიელი ანტიკვარიატიდან გარდასულ დროთა ყოფის მთხრობელებად გარდაისახებიან. ამ შემთხვევაში, ჩვენ შუა საუკუნეების პოემებით ვიგებთ, როგორ უყურებდნენ იმდროინდელი ადამიანები ისეთ ფუნდამენტურ ცნებებს, როგორებიცაა მასკულინობა, ფემინურობა, რომანტიკული სიყვარული თუ მეგობრობა. ამასთან ერთად, ისინი გვარწმუნებენ, რომ როცა საქმე ადამიანურ ურთიერთობებსა და გრძნობებს ეხება, არაფერია მზის ქვეშ ახალი და გზები, რომლებსაც ახლა გავდივართ, კაცობრიობას დიდი ხნის წინაც გაუვლია.

იმის გაგება, თუ როგორ გამოხატავდნენ ადამინები თავიანთ შინაგან, ემოციურ სამყაროს ძველად, ქართული სალიტერატურო მემკვიდრეობითაც შეგვიძლია. მე-12 საუკუნის ქართულ პოემაში, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი წყლის პირას მჯდარი, მტირალი ვეფხისტყაოსანის, ტარიელის პოვნის ამბავია. ჰეროიკულობის სიმბოლო, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და რომელიც მოზარდებისა თუ ზრდასრულებისთვის თაობების განმავლობაში დარჩა იდეალური კაცის ნიმუშად, ცრემლებით შემოდის პოემაში. ამჯერად რაინდს არც სიხარულის ცრემლები ცვივა და არც მეფეს გლოვობს — მას თავისი დაკარგული სიყვარული ატირებს.

სერგო ქობულაძის წყლის პირას მჯდარი მოყმის ილუსტრაცია.

ფოტო: სერგო ქობულაძე / Wikimedia Commons

როცა პატარაობაში პირველად გადავაწყდი ვეფხისტყაოსნის წიგნს, მისი გაცნობა ჩემთვის სერგო ქობულაძის ილუსტრაციების გაუთავებელი თვალიერებით შემოიფარგლა. მაშინ არ მესმოდა, რას წერდა პოეტი, თუმცა უზარმაზარი წიგნის ნახატებს თვალს ვერ ვწყვეტდი. თან მოუთმენლად ველოდი დღეს, როდესაც გავიგებდი, რა ამბავი იმალებოდა უცნაური, შავ–თეთრი ილუსტრაციების უკან.

მას შემდეგ, რაც სურათების თვალიერებასთან ერთად, ტექსტის წაკითხვის უნარიც შევიძინე და ტარიელის პერსონაჟის შეცნობა დავიწყე, სულ უფრო და უფრო გაუგებარი ხდებოდა, რატომ გამოჩნდა უცხო მოყმე ისე, როგორც გამოჩნდა. როგორ შეეძლო, ტარიელის მსგავს პერსონაჟს ეტირა? როგორ შეეძლო მითიური არსებების მმუსვრელ, დაუმარცხებელ ტარიელს, "ქალურ" სენტიმენტალიზმს მისცემოდა? შოთა რუსთაველს შეეძლო, კლდესავით მყარი სტოიციზმით შემოეყვანა ტარიელი პოემაში, მაგრამ, ამის მაგივრად, მონადირე მეფე როსტევანმა და ავთანდილმა დამხობილი, თავჩაქინდრული, სევდით განადგურებული მასკულინური იდეალი იპოვეს.

განსხვავებული არ არის სიტუაცია მე-11 საუკუნეში დაწერილ კიდევ ერთ ფრანგულ პოემაშიც, სიმღერა როლანდზე. სიცოცხლეს სარკინოზების ხელით გამოსალმებული გმირი როლანდის სიკვდილი არმიებს და მეფეებს აატირებს. ფრანკთა სამეფოს უდიდეს მეფეს, კარლოს დიდს პოემაში დარდისგან რამდენჯერმე გულიც კი მისდის, რასაც ათასობით რაინდისა და დიდებულის მოთქმა მოსდევს. აშკარაა, რომ პოეტი ემოციების ჰიპერბოლიზაციას ახდენს, თუმცა ასევე ფაქტია, რომ შუა საუკუნეების მკითხველის თვალში ატირებული მეფეები თუ რაინდები არანაირად არ კნინდებიან.

მეტიც, იმდროინდელი პოეტისა და მკითხველისთვის ემოციური სენსიტიურობა სულის გულწრფელ, ჭეშმარიტ მდგომარეობას წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში, მკაცრად განსაზღვრული გენდერული როლების ეპოქაში, მწერალს აზრადაც არ მოუვიდოდა, რომელიმე სცენა მოქვითინე კაცით შეემკო. აქ კი ცრემლებია ის, რადაც ჭეშმარიტი მწუხარება, სიყვარული, სიხარული მანიფესტირდება. და არ აქვს მნიშვნელობა, ვისთვისაა ისინი დაღვრილი — სატრფოსთვის, ქრისტესთვის თუ ძმადნაფიცი მეომრისთვის.

სანამ თანამედროვე კაცები სოციუმში ადგილის დამკვიდრების მიზნით გულში იკლავენ "უთვალავი ფერის" გრძნობას, წარსულის გმირები წიგნების ფურცლებიდან დასცინიან თანამედროვე გენდერულ ნორმებს და განიკითხავენ ემოციების დათრგუნვით მშრალად დარჩენილ ლოყებს.