თეოლოგთა ნაწილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს მიმართ საეკლესიო სასამართლოს დანიშვნას მოითხოვს. ერთობლივ განცხადებაში თეოლოგები აღნიშნავენ, რომ მიტროპოლიტის განცხადებები მათ მიმართ იყო თავხედური და დამამცირებელი, რითაც "მკრეხელურად შებღალა მათი ღირსება, ნათლობის საიდუმლო და ველური ბრალდებით შეეცადა დისკრედიტაციას".

სწორედ ამის გამო თეოლოგები აცხადებენ, რომ მიტროპოლიტის მიმართ საეკლესიო სასამართლო უნდა დაინიშნოს. მათივე თქმით, თუ მიტროპოლიტი ბრალდებებს ვერ დაადასტურებს, სასჯელის უმაღლეს ზომად სასულიერო ხარისხიდან განკვეთას მოითხოვენ.

"ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც, ჩვენ, ეკლესიაში არსებულ კატასტროფულ პრობლემებზე დავწერეთ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტს აღნიშნული ეპისტოლის ავტორებთან დაკავშირებით მრისხანედ განუცხადა, რომ "ისინი წარმართები არიან, სასულიერო განათლების მიღების უფლება მიეცათ პატრიარქისგან და ეს ბოროტად გამოიყენეს, ისვრიან ქვებსა და ტალახს..."

როგორც ვხედავთ, მეუფე იოანემ არ იკმარა რუსოფილია და ანტისემიტიზმი და კვლავ შეგვახსენა თავი მისთვის დამახასიათებელი აგრესიითა თუ ანტიქრისტიანული რიტორიკით.
ჩვენ, შეშფოთებულნი ვართ, ხსენებული მღვდელმთავრის ოდიოზური, უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებით, რითაც მან ურცხვად შეურაცხყო ჩვენი ნათლობის საიდუმლო, ჩვენს მიერ არაერთგზის, ერთგულებით დამოწმებული ქრისტიანულ რწმენა, პროფესიული სინდისი და საღვთისმეტყველო განათლება. ამასთან, ჩვენი სახით მან დააკნინა და შეურაცხყო სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულ თეოლოგთა მრავალი თაობა", — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ თეოლოგები — ზვიად ცაბაძე, გიორგი ტიგინაშვილი, ვლადი ნარსია, გოჩა ბარნოვი, გურამ ლურსმანაშვილი, დავით თინიკაშვილი, ვანო შოშიაშვილი, მიხეილ ნებიერიძე, დავით ნებიერიძე, გიორგი გეგუჩაძე, რატი ბიგანიშვილი, გურამ პაპავა, გოგა ესიავა
და ეკლესიის ისტორიის მკვლევარები — ბექა ჭიჭინაძე და შოთა მათითაშვილი.

6 იანვარს თეოლოგთა ნაწილმა "საშობაო ეპისტოლე" გამოაქვეყნა, რომელშიც საპატრიარქოსა და პატრიარქის ქმედებებს აკრიტიკებდნენ. ისინი განმარტავენ, რომ ეპისტოლეს მიზანი მართლმადიდებელი ეკლესიის კრიზისული მდგომარეობის გაანალიზებაა.