თავისუფლება პოლიტპატიმრებს — ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი წყნეთის გზატკეცილზე, გიორგი რურუას სახლთან არიან შეკრებილები.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აკაკი კობალაძე აცხადებს, აქციის ადგილი თავიდან შემთხვევით შეარჩიეს და მერე აღმოაჩინეს, რომ იგი გიორგი რურუას საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაა.

"ჩვენი აქცია-პერფორმანსის მთავარი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიგოს ის უსამართლობა, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ჩვენი აქცია პერფორმანსის მთავარი მიზანი არის, რომ მაქსიმალურდ მეტად გაიგოს ხელისუფლებამ ხალხის შემაწუხებელი ხმა, რომელიც, ჰგონია, რომ პანდემიით და რაღაც შეზღუდვებით გააჩუმა და შეაშინა", — განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ TV პირველთან საუბარში.

ხუსკივაძის თქმით, მათ უნდოდათ კედლის მოხატვა, თუმცა, მერიის შესაბამისი სტრუქტურები არ მუშაობენ და ვერ მოახერხეს ნებართვის აღება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებაა.

ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისინი სხვადასხვა ფორმით, მომავალშიც გააგრძელებენ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას.

"ჩვენ ვაგრძელებთ სხვადსხვა ფორმით ჩვენი პოლიტპატიმრების მხარდაჭერას. ეს ის თემაა, რომელზეც, ნამდვილად, არ გავჩერდებით", — განაცხადა ხოშტარიამ TV პირველის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილს, ნატალია ილიჩოვასა და გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. მათი გათავისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებისას, რომელიც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე დააკავეს. ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებდა.

მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მმართველი პარტია ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

გაიგეთ მეტი: