კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია On.ge-ს პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ დაუდასტურა.

4 იანვარს, თეთრუაშვილი საპატრიარქოში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ილია მეორეს სიახლოვეს მოძრავი შორენა თეთრუაშვილიც ჩანს. ღონისძიებას სტუმრები და მღვდელმთავრები ესწრებოდნენ. ცისანა შარტავას თქმით, შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, თეთრუაშვილის ინფიცირება საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ გამოცემა ტაბულას დაუდასტურა. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, მოგვიანებით, ჯაღმაიძემ შეატყობინა, რომ ტესტის პასუხს ჯერ ელოდებიან. On.ge დილიდან ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებსა და მესიჯებს არ უპასუხა.