საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ფიქრობს, რომ მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა და ათეიზმის წახალისება ხდება. მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება.

"წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება", — წერია მის საშობაო ეპისტოლეში.

გარდა ამისა, ილია მეორე მრევლს ეუბნება, რომ არაფერმა უნდა დააბრმავოთ, განსაკუთრებით ამქვეყნიურმა წარმატებამ. მან უყურადღებოდ არც პანდემია დატოვა.

"ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა", — წერს ის.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ეპისტოლე უჩვეულო დაგვიანებით, რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. მრევლი ელოდა რომ ეპისტოლეს ჩვეულებისამებრ სამების ტაძარში წაიკითხავდნენ, თუმცა ასე არ მოხდა და არც დაგვიანების მიზეზი გახდა ცნობილი.

ეპისტოლეში, რომელიც ტრადიციულად ვრცელია, პატრიარქი ისევ სიკეთისა და ბოროტების ჭიდილზე, ეგოისტურად ცხოვრების ნაკლოვანებასა და ცათა სასუფეველზე საუბრობს. თუმცა ყურადღებას ამახვილებს კორონავირუსის პანდემიასა და წესების დაცვაზეც.

საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემია ღვთის ნებით მოხდა და რეგულაციების დაცვა კარგია, მაგრამ აუცილებელია ღმერთთან სიახლოვე. ამ ფორმით ის, სავარაუდოდ, სადღესასწაულო დღეებში მრევლის ეკლესიაში მისვლის საკითხს ეხმიანება, რაც არაერთხელ გახდა განხილვის საგანი. თუმცა, გუშინ საშობაო ლიტურგია ხალხმრავლობაში და სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე წაიმართა.

ამავე თემაზე: