განახლება: პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, შორენა თეთრუაშვილს ვირუსი ჯერ არ დადასტურებია და იზოლაციაშია.

კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი თვითზიოლაციაშია. თავდაპირველად საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს ინფიცირება, თუმცა შემდგომში განაცხადეს, რომ ტესტის პასუხს ელოდებიან.

თეთრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კურიერთან ისაუბრა პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ. მოგვიანებით მან On.ge-ს განუცხადა, რომ მდივან-რეფერანტი იზოლაციაში იყო.

გარდა ამისა, თეთრუაშვილის ინფიცირება On.ge-ს საპატრიარქოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმაც დაუდასტურა. მისი თქმით, თეთრუაშვილმა ტესტი მას შემდეგ გაიკეთა, რაც ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება. ხოლო როცა გაირკვა, რომ თეთრუაშვილიც ინფიცირებული იყო, ტესტი ყველას გაუკეთეს.

ინფიცირების შესახებ გამოცემა ტაბულას დაუდასტურა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, მოგვიანებით, ჯაღმაიძემ შეატყობინა, რომ ტესტის პასუხს ჯერ ელოდებიან. On.ge დილიდან ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებსა და მესიჯებს არ უპასუხა.

სამი დღის წინ, შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ილია მეორეს სიახლოვეს მოძრავი შორენა თეთრუაშვილიც ჩანს. ღონისძიებას სტუმრები და მღვდელმთავრები ესწრებოდნენ. ცისანა შარტავას თქმით, შორენა თეთრუაშვილს პატრიარქს კონტაქტი არ ჰქონია.