ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2020 წელის საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი აღიარა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ACB-მ ქართველ ცენტრს წლის მეფე უწოდა და აღნიშნა, რომ შერმადინი "არავის ინდობს" და თამაშების უმრავლესობაში MVP-ის ტიტულს ეუფლება.

"გასული წლის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან. შერმადინი გამორჩეული იყო სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ქულებში კი იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიროტიჩთან. სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადასწონა ტავარესის გარჯა, რომელიც პირველი გახლდათ მოხსნებში, წუთებში, მოგებებსა და დაფარებებში", — აღნიშნულია წლის შეჯამებაში.

საქართველოს ნაკრების ცენტრის ჯამური სარგებლიანობოს კოეფიციენტი 592 იყო, მის უკან კი ტავარესი (579), მიროტიჩი (547), ფაკუნდო კამპაცო (496) და ბოიან დუბლევიჩი (433) დგანან.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 31 წლის შერმადინი იბეროსტარ ტენერიფეს ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის აშკარა ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:39 წუთი, 16.4 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.2 პასი. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 22.7-ს უტოლდება და ეს, მთელს ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია. ტენერიფელებს 17-დან 14 მატჩი აქვთ მოგებული და ბარსელონასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს, სტუმრად, აუტსაიდერ გიპუზკოა ბასკეტთან ჩაატარებენ.