ახალ პოსტში, რომელიც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერსა და ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ის მხარდამჭერების საქციელს ამართლებს. ტრამპი მათ ქცევას "წმინდა გამარჯვების" უცერემონიოდ წართმევით ხსნის.

"ასე ვითარდება მოვლენები, როცა არჩევნების წმინდა გამარჯვებას უცერემონიოდ და სასტიკად წაართმევ პატრიოტებს, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ცუდად და უსამართლოდ ექცეოდნენ. წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით. ამ დღეს სამუდამოდ დავიმახსოვრებ", — წერს ის.

ტრამპის ეს პოსტიც ტვიტერმა რისკისშემცველად მონიშნა და ინტერეაქციის ფუნქცია ისევ შეუზღუდა. ისევე, როგორც პირველი ვიდეომიმართვა მხარდამჭერებისადმი. აღნიშნული ვიდეო ფეისბუქზე აღარ იძებნება. ვიდეომიმართვაში დემონსტრანტებს, რომელთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა, ტრამპმა "განსაკუთრებულები" უწოდა და უთხრა, რომ ისინი უყვარს, რაც ძალადობის წახალისებად შეფასდა.

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.

შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.

ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია ერთ დაჭრილ მოქალაქესა და რამდენიმე დაშავებულ პოლიციელზე.

გაიგეთ მეტი: